ოპოზიციის პარლამენტში ყოფნა არის დემოკრატიის ანი და ბანი, სამწუხაროდ, პარტნიორებს უწევთ, ეს ზოგიერთ ოპოზიციონერს ასწავლონ,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა მოლაპარაკებებთან დაკავშირებით განაცხადა. მაჭარაშვილის თქმით, მმართველი გუნდი კვლავ მზად არის გონივრული კომპრომისებისთვის.
"არ დარჩა არც ერთი ქვეყანა და არც ერთი საერთაშორისო ინსტიტუცია, რომელმაც ის რეალობა არ დაინახა, რაც ხელისუფლებას კომპრომისებსა და რადიკალური ოპოზიციის არაადეკვატურ ნაბიჯებს შორის არსებობს. საერთაშორისო ინსტიტუციები რადიკალურ ოპოზიციას მოუწოდებენ, საპარლამენტო საქმიანობა გააგრძელონ და ამომრჩევლის ხმა პარლამენტში მიიტანონ. დარწმუნებული ვარ, ოპოზიციიდან გარკვეული პოლიტიკოსები მაინც შეძლებენ, ის ბარიერი გადალახონ, რაც ქვეყანაში ნოემბრიდან შეიქმნა. ჩვენი მხრიდან კომპრომისები არსებობს და თუ მოლაპარაკებები გაგრძელდება, გონივრულ კომპრომისებზე ისევ მზად ვართ, მაგრამ ეს არ იქნება ამომრჩევლის გადაწყვეტილებისა და სამართლიანობის პრინციპის საწინააღმდეგო,"- განაცხადა მაჭარაშვილმა.