თენგიზ ფხალაძე:  ჩვენი მეგობრები ჩვენზე მეტად ზრუნავენ როგორ გამოიყვანონ საქართველო კრიზისიდან - მართლა გავაოცეთ და დავღალეთ არამხოლოდ ევროპა, არამედ ყველა

თენგიზ ფხალაძე:  ჩვენი მეგობრები ჩვენზე მეტად ზრუნავენ როგორ გამოიყვანონ საქართველო კრიზისიდან - მართლა გავაოცეთ და დავღალეთ არამხოლოდ ევროპა, არამედ ყველა

ძალიან სამწუხაროა, რომ მთავარი თემა ისევ საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისი იქნება, ­რომლითაც მართლა გავაოცეთ და დავღალეთ არამხოლოდ ევროპა, არამედ ყველა ჩვენი მეგობარი და ეს ძალიან ცუდია, ამდენი ხნის განმავლობაში არ აღმოგვაჩნდა რესურსი იმისათვის, რომ ეს პრობლემა გადაგვეწყვიტა, - ამის შესახებ საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა, თენგიზ ფხალაძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა, რითაც 19 აპრილს დაგეგმილ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების კონფერენციას გამოეხმაურა, სადაც საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ.

თენგიზ ფხალაძის შეფასებით, ევროპელი მეგობრები კიდევ ერთხელ შეეცდებიან გაგვაგებინონ, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის დასრულება საქართველოს ინტერესებშია.

"ჩვენი მეგობრები ჩვენზე მეტად ზრუნავენ და ფიქრობენ როგორ უნდა გამოიყვანონ საქართველო ამ კრიზისიდან. კრიზისიდან გამოსავალი არის იმ შემთხვევაში თუ ამის სურვილი არის, მეგობრები შეიძლება დაგვეხმარონ, მაგრამ ჩვენს ნაცვლად გადაწყვეტილებას ვერ მიიღებენ და ალბათ, კიდევ ერთხელ შეეცდებიან, რომ გაგვაგებინონ, რომ ამ კრიზისის დასრულება არის საქართველოს ინტერესებში და ამას თუ გავიგებთ კარგი იქნება. მკაფიო მესიჯები აქამდეც იყო და 19 აპრილსაც იქნება, მაგრამ ნებისმიერ გზავნილს სწორი წაკითხვა და სწორი გააზრება სჭირდება და იმედი მაქვს ჩვენს პოლიტიკურ კლასს ამის უნარი კიდევ შერჩენილი აქვს", - განაცხადა ფხალაძემ.

ცნობისთვის, 19 აპრილს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური ვიდეო კონფერენცია გაიმართება. ევროკავშირის საბჭოს ინფორმაციით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჟოზეფ ბორელი ინფორმაციას მიაწვდის ბოლო დროს განვითარებული რამდენიმე საკითხის და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ. როგორც მოსალოდნელია, განსახილველ საკითხებს შორის იქნება ბოლო დროს განვითარებული მოვლენები საქართველოში, ინდოეთში, მიანმარში, მოზამბიკში, ასევე ერთობლივი და მრავლისმომცველი სამოქმედო გეგმა (JCPOA), იგივე ირანის ბირთვული შეთანხმება.