ქვეყანა ჩაკეტო, თქვა, ყველა სახლში ისხედით და არ გამოხვიდეთ, ამას არ ჰქვია კარგი კრიზისმენეჯერი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, კახა კახიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, რითაც ყოფილ პრემიერ-მინისტრზე დასმულ კითხვას უპასუხა.
მისი თქმით, ამ შემთხვევაში სერიოზული ჩაკეტვა მოხდა, რამაც ბიზნესი დააზიანა.
„პანდემიის დროს სწორი მართვა, რას ნიშნავს, იცით? როდესაც, არც პანდემიის ტალღა დაგარტყამს და არც ბიზნესი ჩავარდება ასეთ ვითარებაში. კოლბაში შეიძლება ნებისმიერი ადამიანი ჩასვა, საერთოდ არც პანდემია გაეკარება და არც არაფერი, მაგრამ იმ კოლბაში რომ ჩასვამ, რამდენად კომფორტულად იქნება ადამიანი, სხვა საკითხია. ქვეყანა ჩაკეტო, თქვა, რომ ყველანი სახლში ისხედით და არ გამოხვიდეთო, ამას არ ჰქვია კარგი კრიზისმენეჯერი. მითუმეტეს, როდესაც შენზე მთელი გუნდი მუშაობს. თქვენ თუ მეტყვით, რომ მარტო ის იჯდა და სხვა არავინ მუშაობდა, არც შს მინისტრი, არც ჯანდაცვის მინისტრი, არც ეკონომიკის, არც იუსტიციის, არც პარტია, კი, ბატონო დაგეთანხმებით, მაგრამ კარგი მენეჯერი იცით რა არის? როცა არც მწვადს დაწვამ, არც შამფურს. ამ შემთხვევაში ჩვენ ვნახეთ, რომ სერიოზული ჩაკეტვა მოხდა ქვეყნის, რამაც მცირე ბიზნესი დააზიანა. ბიუჯეტში სერიოზული პრობლემები გაჩნდა, გარდა ამისა, სხვა ტიპის პრობლემებია, რომელიც ადრე თუ გვიან გახდება ცნობილი“, - აღნიშნა კახა კახიშვილმა.