შალვა პაპუაშვილი „ქართული ოცნებიდან“ დეპუტატების წასვლას გამოეხმაურა. როგორც განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, მისი ყოფილი თანაგუნდელების მიერ მანდატის დატოვება რეიტინგთან დაკავშირებულ კითხვებს პასუხს გასცემდა.
„ვინც კითხვას სვამს რეიტინგთან დაკავშირებით, მას ყველაზე კარგი ინსტრუმენტი აქვს, რომ ამ კითხვას თავად გასცეს პასუხი. მანდატის დატოვება იქნებოდა გზა, რომ ამ კითხვისთვის პასუხი გაეცათ. პარტიამ არჩევნებში მონაწილეობა და მოსახლეობის მხარდაჭერა მიიღო. ეს არის პარტიის ერთობლივი გამარჯვება. ვინმე თუ ფიქრობს, რომ მისი პარტიის ცალკეული წევრი ან სიის წევრი იყო განმსაზღვრელი, მაშინ მათ აქვთ ყველანაირი ბერკეტი, განსაკუთრებით, მაჟორიტარ დეპუტატებს, თავიანთი პრეტენზია დაამტკიცონ. საკითხს ასე თუ დასვამენ, მარტივად შეუძლიათ დაამტკიცონ, რომ ეს რეიტინგი იყო განმსაზღვრელი. მათ ადგილას არ ვიტყოდი, რომ განმსაზღვრელი იყო გიორგი გახარიას დამოკიდებულება „ქართული ოცნების“ პარტიულ რეიტინგზე, რადგან ეს არათუ სიმართლეს არ შეესაბამება, არამედ წლებია, საზოგადოება ენდობა „ქართულ ოცნებას“, რომელსაც სხვადასხვა ლიდერი ჰყავდა, დღესაც ბევრი გამორჩეული ლიდერი ჰყავს. პარტიის ღირებულება სწორედ ეს არის. ვინც ამას კითხვის ნიშნის ქვეშ სვამს, მაშინ საკუთარი პრეტენზიის ვალიდობა უნდა დაამტკიცოს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
14 აპრილს „ქართული ოცნება“ ექვსმა დეპუტატმა დატოვა.