კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩვენ პრინციპულად მზად ვართ, ოპოზიციის ჯანსაღ ნაწილთან განვიხილოთ შეთანხმების საკითხი, თუ ისინი გადახედავენ პოზიციას, რომელიც ბოლო დიალოგში ჰქონდათ. მე მაქვს პოზიტიური მოლოდინი, რომ ოპოზიციის ჯანსაღ ნაწილთან შესაძლოა შეთანხმება შედგეს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, გიორგი ვაშაძე ნამდვილად არის ის ერთ-ერთი ოპოზიციონერი, რომელსაც უნდა, რომ შეთანხმება შედგეს.
„გიორგი ვაშაძე ნამდვილად იყო ერთ-ერთი ის პოლიტიკოსი ოპოზიციიდან, რომელსაც ვფიქრობ ნამდვილად სურს, რომ ეს შეთანხმება შედგეს, ამიტომ ვფიქრობ, რომ მან უფრო გაბედული ნაბიჯები უნდა გადადგას იმ კოლეგებთან ერთად, ვისაც აქვს ჯანსაღი დამოკიდებულება ამ დიალოგის ფარგლებში და ვინც ნამდვილად თვლის, რომ დემოკრატიისა და სახელმწიფო ინსტიტუტებისთვის ძირის გამოთხრა არ არის გამარჯვება ოპოზიციისთვის და არ არის გამარჯვება ქვეყნისთვის. მე კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩვენ მზად ვართ პრინციპულად, რომ ოპოზიციის ჯანსაღ ნაწილთან განვიხილოთ შეთანხმების საკითხი, თუ ისინი გადახედავენ პოზიციას, რომელიც ბოლო დიალოგში ჰქონდათ. მე მაქვს პოზიტიური მოლოდინი, რომ ოპოზიციის ჯანსაღ ნაწილთან შესაძლოა შეთანხმება შედგეს“, - განაცხადა თალაკვაძემ.
მისივე თქმით, ოპოზიციის ერთი, ჯანსაღი ნაწილი უბრუნდება „ქართული ოცნების“ მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმადაც თუ ოპოზიცია მზად არის, რომ გადადგას ნაბიჯი და დაეთანხმოს პირობებს, „ქართული ოცნება“ მზად არის შეთანხმებისთვის.