ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ საქართველოს კონსტიტუციით, პრეზიდენტი ზეპარტიული პოლიტიკური ფიგურაა. დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ საქართველოს პრეზიდენტი, როგორც ინსტიტუტი და პოლიტიკური პირი, პარტიული დღის წესრიგის მიღმა და ამ დღის წესრიგზე მაღლა დგას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენის შემდეგ განაცხადა.
„მან სწორი აქცენტები გააკეთა, როდესაც ისაუბრა პოლიტიკური შეთანხმების მნიშვნელობაზე და ხაზი გაუსვა ჩვენი პარტნიორების სურვილსა და ძალისხმევას, რომ საქართველოში პოლიტიკა ტარდებოდეს ინსტიტუციურად და პარტიები ჩაერთონ ამ პროცესში. მონაწილეობაზე უარის თქმა ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპს. პრეზიდენტის გზავნილი, რომ უნდა მოხდეს შეთანხმება, არის სწორი გზავნილი. ჩვენ, როგორც ხელისუფლება, მაქსიმალურად კონსტრუქციულად ვმუშაობთ და ვდგამთ ნაბიჯებს იმისთვის, რომ ასეთი სეთანხმება მოხდეს. სწორედ ამის შედეგია ის, რომ, ბოლო ორი დღის განმავლობაში, ოპოზიციის ჯანსაღი ნაწილის განცხადებები გვესმის და როგორც ჩანს, ისინი უბრუნდებიან „ქართული ოცნების“ მთავარ გზავნილს. ჩვენ ვამბობდით, რომ „ქართული ოცნება“ პრინციპულად მზადაა, ხელი მოაწეროს შეთანხმებას და ყველა მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით, წარვადგინეთ შემხვედრი ნაბიჯები“ - აღნიშნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.