პარლამენტში, საოკუპაციო ხაზის გადაკვეთისას დაღუპულებისა და დათა ვანიშვილის ხსოვნას პატივი წუთიერი დუმილით მიაგეს

პარლამენტში, საოკუპაციო ხაზის გადაკვეთისას დაღუპულებისა და დათა ვანიშვილის ხსოვნას პატივი წუთიერი დუმილით მიაგეს

პარლამენტში, სადაც საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ყოველწლიურ ანგარიშს ისმენენ, კანონმდებლებმა სხდომა წუთიერი დუმილით დაიწყეს.

მათ 7 აპრილს, ენგურის გავლით, საოკუპაციო ხაზის გადაკვეთისას დაღუპულების, თამუნა ცატავას, თამაზ ბასლანძის, მაყვალა გამისონიასა და ელგუჯა გვალიას, ასევე, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები და 19 მარტს გარდაცვლილი დათა ვანიშვილის ხსოვნას მიაგეს პატივი.

7 აპრილს, საოკუპაციო ხაზთან, ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდინარე ენგურმა 4 ცხედარი გამორიყა. გარდაცვლილების ნათესავების ინფორმაციით, გალის მკვიდრები სხვადასხვა საჭიროებისთვის, შემოვლითი გზით ცდილობდნენ ზუგდიდში გადმოსვლას, რა დროსაც სავარაუდოდ, მდინარე ადიდდა და ოთხივე დინებამ გაიტაცა.

რაც შეეხება დათა ვანიშვილს; მან ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქცეული სახლი არ მიატოვა და მეუღლესთან ერთად, იქ განაგრძო ცხოვრება. დათა ვანიშვილი ოკუპაციასთან ბრძოლის სიმბოლოდ იქცა. 2014 წელს ის ოკუპანტებმა იმის გამო დააკავეს, რომ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე პენსიის ასაღებად იყო გადმოსული. საოკუპაციო რეჟიმის აკრძალვების მიუხედავად, დათა პაპა მაინც ახერხებდა თითქმის ყველა არჩევნების დროს გადმოსვლას და საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას. ის 88 წლის ასაკში, 19 მარტს გარდაიცვალა.