მამა ანდრია ჯაღმაიძე: „მეუფე სტეფანეს ყველა გადაწყვეტილება სრულად მხარდაჭერილია“

მამა ანდრია ჯაღმაიძე: „მეუფე სტეფანეს ყველა გადაწყვეტილება სრულად მხარდაჭერილია“

„მეუფე სტეფანეს ყველა გადაწყვეტილება და ყველა მოქმედება, რაც მან ჭყონდიდის ეპარქიაში განახორციელა, არის სრულად მხარდაჭერილი და ლეგიტიმური, ამიტომ გაგრძელდება ყველა იმ ზომების მხარდაჭერა, რაც მეუფე სტეფანემ მიიღო", - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა მამა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებთან საეკლესიო კრების დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ჭყონდიდის ეპარქიაში ყველა სასულიერო პირი ვალდებულია მეუფე სტეფანეს კურთხევასა და მითითებებს დაემორჩილოს.

„მეორე საკითხი არის გარკვეული დესტრუქცია, რომელიც ვიხილეთ, რომ მეუფე სტეფანეს მიერ მივლენილი მოძღვარი ეკლესიაში არ შეუშვეს და ეს შეფასებულია, როგორც ამბოხი. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ სასულიერო პირებს, რომ მიიღონ მღვდელმთავრის მიერ მიცემული ეპითემია და შეასრულონ მისი განკარგულებები.რაც შეეხება მათ მიერ შემოტანილ აპელაციას, მას განიხილავს სინოდი, მანამდე კი ვალდებული არიან მეუფე სტეფანეს მითითებებს დაემორჩილონ", - აღნიშნა მამა ანდრიამ.

მამა ანდრიას განმარტებით, დღევანდელ სხდომაზე ეპისკოპოსებს კონკრეტული გადაწყვეტილებები არ მიუღიათ.