ოპოზიცია ხელისუფლებას აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილის, ჯორჯ კენტის განცხადების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, ყველა ჩვენი საერთაშორისო მეგობარი პირველ რიგში საუბრობს იმაზე, რომ ხელისუფლებამ გადადგას პირველი ნაბიჯი, შემდეგ კი ოპოზიციამ ეს გაითვალისწინოს და შევიდეს პარლამენტში.
„ოპოზიცია არ გაურბის საკუთარ პასუხისმგებლობას პოლიტიკური კრიზისის დაძლევის პროცესში, მაგრამ ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა ხელისუფლებას აქვს. დღემდე მმართველი გუნდის მხრიდან ვერცერთი ნაბიჯი ვერ ვნახეთ. შესაბამისად, ყველა ჩვენი საერთაშორისო მეგობარი პირველ რიგში საუბრობს იმაზე, რომ ხელისუფლებამ გადადგას პირველი ნაბიჯი, შემდეგ კი ოპოზიციამ ეს გაითვალისწინოს და შევიდეს პარლამენტში“, - განაცხადა უდუმაშვილმა.
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ ოპოზიციისგან განსხვავებით, ხელისუფლებას შეთანხმების მიღწევა არ სურს.
„ჩვენ გვსურს, რომ კრიზისი მოლაპარაკებების გზით განიმუხტოს და როგორც ხელისუფლებამ, ისე ოპოზიციამ ქვეყნის წინაშე არსებული პრობლემების გადაჭრაზე იზრუნონ, ოღონდ, სამწუხაროდ, ამ მცდელობაში არ გვყავს პარტნიორები. ხელისუფლებას არ სურს არც პოლიტპატიმრების გათავისუფლება, არც საარჩევნო და მართლმსაჯულების რეფორმებზე შეთანხმება და არც ახალი არჩევნების დანიშვნა“, - ამბობს კაპანაძე.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე ჯორჯ კენტი საქართველოში პოლიტიკურად დაპირისპირებულ მხარეებს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებისკენ და კომპრომისზე წასვლისკენ მოუწოდებს. ჯორჯ კენტის თქმით, შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობა ორივე მხარეს ეკისრება.