თუ არ გვინდა შეზღუდვები, ჩვენ უნდა დავიცვათ ელემენტარული რეგულაციები, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ვაქცინაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ახლა ჩვენი მთავარი მტერი თავყრილობებია.
„ყველა ეპიდემიური აფეთქება, კლასტერი, რაც დღეს ქვეყანაში გვაქვს, არის ქეიფების მერე. სამწუხაროდ არის როგორც ჭირის სუფრების, ასევე ქორწილების სუფრების მერე. ამ სიტუაციაში ამას უნდა გადავეჩვიოთ. ჩვენი პირველი მტერი ახლა არის სუფრები“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 285 645 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 275 547, გარდაიცვალა 3840 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. ევროპის წამლის სააგენტოს ინფორმაციით, AstraZeneca-ს ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტური არჩევანია.