ირაკლი ქადაგიშვილი: „ქართული ოცნება“ 8 წლის განმავლობაში რუსეთთან მიმართებით შეწონილ პოლიტიკას აწარმოებს

ირაკლი ქადაგიშვილი: „ქართული ოცნება“ 8 წლის განმავლობაში რუსეთთან მიმართებით შეწონილ პოლიტიკას აწარმოებს

„ქართული ოცნება“ 8 წლის განმავლობაში რუსეთთან მიმართებით შეწონილ პოლიტიკას აწარმოებს, - ამის შესახებ ირაკლი ქადაგიშვილმა „იმედის ფაქტორში“ განაცხადა. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ეს პოლიტიკა პირდაპირ კავშირშია ქვეყნის დასავლელი პარტნიორების რეკომენდაციებთან.

„თუ გააანალიზებთ ყველა ოფიციალურ თუ არაოფიციალურ მიმართვასა და პოლიტიკურ კულტურას, რასაც დასავლეთი სთავაზობს, მათ შორის, რუსეთთან ურთიერთობაში თავის თავსაც და მის მოკავშირე სახელმწიფოებსაც, „ქართული ოცნება“ მაქსიმალურად დაახლოებულ პოლიტიკას აწარმოებს ჩვენს პარტნიორებთან ერთად და არ ვაძლევთ (რუსეთს) პროვოკაციის საბაბს, რომ აღარ განმეორდეს 2008 წელი“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

დეპუტატმა არჩევნებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ხმის მიცემის შედეგი რეალისტურია.

„ვხედავთ, რომ აღარ არის ის 90%-იანი გამარჯვებები და რომ 70% მოდის არჩევნებზე და 90%-ს იღებს მმართველი გუნდი. ვხედავთ, რომ რეალისტური ციფრები იდება, ამიტომ გაყალბებაზე აქ ლაპარაკი აღარ არის. ეს კარგად ესმის მსოფლიოს სადამკვირვებლო ორგანიზაციებს და მათი დასკვნა ამიტომაც არის ასეთი, როგორც არის. ამას კარგად გრძნობს ქართველი ამომრჩეველიც“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.