ირაკლი ჩიქოვანი: „ნაციონალური მოძრაობის“ შემადგენლობა ცდილობს რამენაირად გაამართლოს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 1633-ე რეზოლუციის მხარდაჭერა

ირაკლი ჩიქოვანი: „ნაციონალური მოძრაობის“ შემადგენლობა ცდილობს რამენაირად გაამართლოს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 1633-ე რეზოლუციის მხარდაჭერა

„ნაციონალური მოძრაობის“ შემადგენლობა ცდილობს, რამენაირად გაამართლოს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 1633-ე რეზოლუციის მხარდაჭერა, მაგრამ ამ ტექსტს საქართველოს არც ერთი წარმომადგენელი არ უნდა დათანხმებოდა და ვერ უნდა დათანხმებოდა, თუნდაც სხვა მუხლების ხათრით, - ამის შესახებ Facebook-ზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ჩიქოვანი წერს.

ირაკლი ჩიქოვანი გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ წევრის, სერგი კაპანაძის განცხადებას და აღნიშნა, რომ „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებს შეეძლოთ, დაეტოვებინათ დარბაზი და არ დაეჭირათ მხარი რეზოლუციისთვის.

„ნაციონალური მოძრაობის“ შემადგენლობა ცდილობს რამენაირად გაამართლოს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 1633-ე რეზოლუციის მხარდაჭერა, მაგრამ ამ ტექსტს საქართველოს არც ერთი წარმომადგენელი არ უნდა დათანხმებოდა და ვერ უნდა დათანხმებოდა, თუნდაც სხვა მუხლების ხათრით:

„თუმცა, 2008 წლის 7 აგვისტოს, საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის დაბომბვის გაუფრთხილებლად დაწყებით, ესკალაცია ახალ, კერძოდ ღია და სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებების საფეხურზე გადავიდა. მძიმე არტილერიისა და კასეტური ბომბების გამოყენება, რამაც სერიოზული საფრთხე შეუქმნა სამოქალაქო მოსახლეობას, წარმოადგენდა სამხედრო ძალის არაპროპორციულ გამოყენებას საქართველოს მხრიდან, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ხდებოდა მისი ტერიტორიის ფარგლებში და როგორც ასეთი, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და საქართველოს მიერ აღებული ვალდებულების დარღვევას, კონფლიქტები გადაწყვიტოს მშვიდობიანი საშუალებებით“.

მნიშვნელოვანია, რომ ქართული დელეგაციის მხარდაჭერის გარეშეც ეს რეზოლუცია მიღებული იქნებოდა. შესაძლებელი იყო, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს დაეტოვებინათ დარბაზი და ქართული დელეგაციის მხარდაჭერა არ ექნებოდა ამ ტექსტს.

აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ 2021 წლის 21 იანვარს ტიტანური შრომის შედეგად და „ზოგიერთების” მავნებლური გულგრილობის მიუხედავად შევქმენით მყარი საერთაშორისო სამართლებრივი საფუძველი ოკუპაციის დასასრულებლად - „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ” სახელმწიფოთაშორის სარჩელში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ სასამართლომ გადაწყვეტილება საქართველოს სასარგებლოდ მიიღო“, - წერს ჩიქოვანი.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის განცხადებით, „არავინ უარყოფს ფაქტს, რომ ქართულმა მხარემ ცხინვალი დაბომბა და კასეტური ბომბები გამოიყენა“.