ამომრჩეველს არანაირი კონკრეტული სურვილი არ გააჩნია რაიმე სახის რიგგარეშე არჩევნების, მათთვის ბოიკოტი მიუღებელია და ამ კვლევებიდანაც ჩანს, რომ ამომრჩეველს სხვა პრობლემები აწუხებს, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის შეფასებისას განაცხადა, რომლის თანახმადაც გამოკითხულთა 42% სრულიად არ უჭერს მხარს ოპოზიციური პარტიების მიერ საპარლამენტო საქმიანობის ბოიკოტირებას.
მისივე თქმით, კვლევიდან მკაფიოა ამომრჩევლის ნება, რომ იმ პარტიებმა, რომლებსაც ამომრჩეველმა ხმა მისცა, პარლამენტში იმუშაონ.
„მკაფიოდ ჩანს, ამომრჩევლის ნება, რომ იმ პარტიებმა, რომლებსაც მათ ხმა მისცეს, იმუშაონ პარლამენტში. როგორც იტყვიან, ახალი არჩევნები კარს მომდგარია. შემოდგომაზე არჩევნები გვექნება და ალბათ ყველას მოუწევს ამ არჩევნებისთვის მზადება“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევების მიხედვით, გამოკითხულთა 42% ოპოზიციის ნაწილის მიერ საპარლამენტო საქმიანობის ბოიკოტირებას სრულიად არ უჭერს მხარს.