თუ იგნორირებას გავუკეთებთ რეგულაციებს, გავმართავთ ქორწილებს, მასობრივი თავშეყრის ღონისძიებებს ეპიდვითარება გაუარესდება, - ამის შესახებ ჯანდაცვის სფეროს ექსპერტმა აკაკი ზოიძემ „ქრონიკას“ განუცხადა.
„ანალოგიურად განვითარდა მოვლენები შემოდგომაზე, როცა მივიღეთ ნოემბერ-დეკემბერი და 3 700 ადამიანი გარდაიცვალა და განხორციელდა დიდი ზეწოლა ჯანდაცვის სისტემაზე. იგივე მოხდება, თუ შემოდგომის გაკვეთილს არ გავითვალისწინებთ და არ აიწევს პირბადის ტარების მაჩვენებელი“,- აღნიშნა აკაკი ზოიძემ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. ევროპის წამლის სააგენტოს ინფორმაციით, AstraZeneca-ს ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტიანი არჩევანია.