საქართველოში ვერშემდგარი დაბადების დღის მესამე დღეს ისევ პასუხგაუცემელია კითხვა, როგორ მოახერხეს რადიკალებმა პერფორმანსებისთვის მყისიერად ორგანიზება.
მმართველ გუნდში ეჭვობენ, რომ მოვლენები ორგანიზებული, ხმაური კი კარგად დაგეგმილი პროვოკაცია იყო.
მმართველი გუნდისთვის საეჭვოა პოზნერის ვიზიტის შესახებ ინფორმაცია, რომელიც როგორც ირკვევა პირველი ელენე ხოშტარიამ გაავრცელა, რომელმაც „ქრონიკის“ ზარებს არ უპასუხა.
გიგა მაქარაშვილმა, რომელიც ხმაურიანი აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო, თქვა, რომ პოზნერის დეტალური განრიგი სოციალურ ქსელში იპოვა და გააზიარა, თუმცა მალევე წაშალა, იმ მოტივით, რომ ინფორმაციის სანდოობაში ეჭვი შეეპარა.
კონკრეტულ პარტიებს პოზნერის ჩამოსვლა რომ საკუთარი ინტერესის გასატარებლად, მასშტაბურ პროტესტად უნდა ექციათ, ამაზე „გირჩი“- ში“ საუბრობენ, თუმცა გეგმა ჩაუვარდათ.
იაგო ხვიჩიასთვის პირველ აპრილს განვითარებულ მოვლენებს გამოხატვის თავისუფლებასთან კავშირი არ აქვს.
ვლადიმერ პოზნერი საქართველოში 31 მარტს ჩამოვიდა. მის ვიზიტს საქართველოში სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი მოჰყვა, რომლებსაც მოგვიანებით, პოლიტიკოსებიც შეუერთდნენ. მოვლენები ე.წ. კომენდანტის საათის დროს განვითარდა, ამიტომ შრომის ინსპექციამ სასტუმრო „ვინოტელი“, სადაც ვლადიმერ პოზნერი და მისი სტუმრები იმყოფებოდნენ, 10 000 ლარით დააჯარიმა. ამასთან, როგორც შსს-ს წარმომადგენელმა „ქრონიკას“ უთხრა, დაჯარიმდება ყველა, ვინც დაარღვია გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა. ამასთან, შსს-ში განაცხადეს, რომ ვლადიმერ პოზნერი ამერიკის მოქალაქეა და მას კანონი ოკუპაციის შესახებ დარღვეული არ აქვს.
პოლიციამ რუსეთიდან ჩამოსული 32 მოქალაქე, მათ შორის ვლადიმერ პოზნერი იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევის ფაქტზე დააჯარიმა. რუსმა ჟურნალისტმა საქართველო 1-ელ აპრილს, დილით დატოვა.