ყველაფერი მოხდა იმიტომ რომ, პოზნერის ვიზიტი გამოყენებული ყოფილიყო გავრილოვის ვიზიტი, შესაბამისად ეს არ გამოვიდა, - ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა იაგო ხვიჩიამ ვლადიმერ პოზნერის საქართველოში სტუმრობის გამო სასტუმროების მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.
იაგო ხვიჩიასთვის პირველ აპრილს განვითარებულ მოვლენებს გამოხატვის თავისუფლებასთან კავშირი არ აქვს.
„სხვის საკუთრებაში შევარდნა და გადამრთველის გამორთვა და იქ მაგიდაზე ხელის ბრახუნი, გამოხატვის თავისუფლება არ არის“, - აცხადებს იაგო ხვიჩია.
ვლადიმერ პოზნერი საქართველოში 31 მარტს ჩამოვიდა. მის ვიზიტს საქართველოში სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი მოჰყვა, რომლებსაც მოგვიანებით, პოლიტიკოსებიც შეუერთდნენ. მოვლენები ე.წ. კომენდანტის საათის დროს განვითარდა, ამიტომ შრომის ინსპექციამ სასტუმრო „ვინოტელი“, სადაც ვლადიმერ პოზნერი და მისი სტუმრები იმყოფებოდნენ, 10 000 ლარით დააჯარიმა. ამასთან, როგორც შსს-ს წარმომადგენელმა „ქრონიკას“ უთხრა, დაჯარიმდება ყველა, ვინც დაარღვია გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა. ამასთან, შსს-ში განაცხადეს, რომ ვლადიმერ პოზნერი ამერიკის მოქალაქეა და მას კანონი ოკუპაციის შესახებ დარღვეული არ აქვს.
პოლიციამ რუსეთიდან ჩამოსული 32 მოქალაქე, მათ შორის ვლადიმერ პოზნერი იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევის ფაქტზე დააჯარიმა. რუსმა ჟურნალისტმა საქართველო 1-ელ აპრილს, დილით დატოვა.