სანქციები ან სხვა მძიმე ზომები რა თქმა უნდა წარმოადგენს საბოლოო ინსტრუმენტს, რომლის გამოყენებასაც შეიძლება მივმართოთ. დამერწმუნეთ, ჩვენ გვინდა და ყველას გვირჩევნია პოლიტიკურმა პარტიებმა დოკუმენტზე შეთანხმებას მიაღწიონ და პროცესი დაიძრას, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ „ქრონიკასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
„თუ პოლიტიკური პარტიები ვერ შეთანხმდნენ, მაშინ ჩვენ მხოლოდ ეს შანსი დაგვრჩება. აქვე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს არ ნიშნავს, მთელი ქვეყნის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას. ეს არაა მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართული ზომა. ეს შეიძლება იყოს, სპეციფიკური სფერო. შვიდი ევროპარლამენტარის განცხადებაში ჩანაწერია ბიუჯეტის მხარდამჭერი პროგრამების შესახებ. საბიუჯეტო ფონდებიც ნიშნავს სპეციფიკურ სექტორებს და ეს სექტორებიც პრობლემის სიმძიმის მიხედვით გამოვლინდება.
ამ თემაზე ჯერ არ გვიმსჯელია. გვირჩევნია ძალიან მალე მოხდეს პოლიტიკურ ძალებს შორის შეთანხმება. არ მინდა ამის იმედი დავკარგო, რადგან ამ წერტილამდე და ამ გადაწყვეტილებამდე მისვლა იქნება ორივე მხარისთვის მტკივნეული. რატომ? იმიტომ რომ ჩვენ ძალიან გვინდა საქართველოს წარმატება. ჩვენ ძალიან გვინდა კიდევ უფრო ახლოს იყოს საქართველო ევროკავშირთან. ჩვენს ინტერესში არ შედის ამ ურთიერთობების გაფუჭება ან საქართველოსთვის დახმარების, მხარდაჭერის შესუსტება. პირიქით, ჩვენი ინტერესია საქართველო ძლიერი და წარმატებული იყოს. ჩვენ დახმარება გვსურს და მხოლოდ ეს ინსტრუმენტები გვაქვს“, - აღნიშნა გრეგოროვამ.