თუ მესამე ტალღა წამოვიდა, კარგს არ უნდა ველოდოთ, - ამის შესახებ ბოჭორიშვილის კლინიკის ხელმძღვანელმა დავით გადელიამ „ქრონიკას“ განუცხადა.
მისი თქმით, კორონავირუსის შემთხვევების მესამე ტალღას სამედიცინო სექტორი ვეღარ გაუძლებს.
„ნოემბერ-დეკემბერში ჩვენ ისეთი მძიმე დღეები გადავიარეთ, ფსიქოლოგიურად, პროფესიულად, ყველანაირად, რომ ამის გადატანა ექიმებისთვის ძალიან რთული იქნება. ამდენი გაჭირვებული, სიკვდილთან მებრძოლი ადამიანი რომ მოგადგება და ადგილი არსად არ არის, უარს ეუბნები. ძალიან მძიმე მდგომარეობა გვქონდა“, - განაცხადა გადელიამ.
მისივე თქმით, მისთვის გაუგებარია იმ ადამიანების ქცევები, რომლებიც რეკომენდაციების დაცვას უგულებელყოფენ. იგი მიიჩნევს, რომ ასეთები თავიანთ ახლობლებს საფრთხის ქვეშ აყენებენ.
„თუ პოლიტიკას გვერდზე გავწევთ, მე განათლებით ფსიქიატრი ვარ და ჩემი ხედვა ამ ადამიანების მიმართ ასეთია: ეს ხალხი მთლად ჯანსაღი არ არის. რატომ ჰგონიათ, რომ ექიმებს ეს ამბავი ძალიან გვსიამოვნებს. ჩვენც ძალიან დათრგუნულები ვართ და ეს სიტუაცია არანაირად არ მოგვწონს. როგორ შეიძლება ადამიანს მოსწონდეს, რომ მეგობრები ვერ ნახო?! ჩვენ ყველას ერთნაირი ცხოვრების რითმი გვაქვს და ცხოვრების წესი. ჩემი ცხოვრებიდან ეს წელიწად-ნახევარი ამოშლილია. ახალგაზრდებს რა აქვთ სათქმელი?! წინ კიდევ რამდენი აქვთ და წარმოიდგინეთ, ჩემი ასაკის ადამიანისთვის ეს ამოშლილი წელიწად-ნახევარი არის ძალიან დიდი, მაგრამ რა ვქნა?! სხვა გამოსავალი არ არის.
რა ვქნათ აბა, დავარღვიოთ ყველაფერი, გავხდეთ ავად? თუ ახალგაზრდა ხარ და შენ არ გეშინია, რადგან გადაიტან, რას ერჩი სხვებს? შენ უკან ხომ არიან მშობლები, ბებია-ბაბუა?!“, - მიმართა გადელიამ ახალგაზრდებს.
ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის 284 061 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 275 024, გარდაიცვალა 3 822 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. ევროპის წამლის სააგენტოს ინფორმაციით, AstraZeneca-ს ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტიანი არჩევანია.