ივანე ჩხაიძე: ჩვენი რეკომენდაცია იქნება აღდგომის პერიოდში საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებს, ეკლესიას, სასაფლაოს მაქსიმალურად ავარიდოთ თავი

ივანე ჩხაიძე: ჩვენი რეკომენდაცია იქნება აღდგომის პერიოდში საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებს, ეკლესიას, სასაფლაოს მაქსიმალურად ავარიდოთ თავი

ივანე ჩხაიძე მოქალაქეებს ურჩევს, აღდგომის პერიოდში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს თავი აარიდონ. იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა ქვეყანაში არსებული ეპიდვითარებაც შეაფასა და აღნიშნა, რომ არასწორია იმის მტკიცება, თითქოს კორონავირუსის მესამე ტალღა დაწყებულია, რადგან მაჩვენებლები სტაბილურია.

„საბედნიეროდ, დღევანდელი მდგომარეობა არ უნდა შევაფასოთ, როგორც მესამე ტალღა. აღდგომის პერიოდში მაქსიმალურად თავი უნდა შევიკავოთ იმ თავყრილობებისგან, სასაფლაო იქნება ეს, თუ ეკლესია, რაც ალბათ, ინფიცირებულთა რიცხვს გაზრდის. აღდგომის პერიოდში ჩვენი რეკომენდაცია იქნება, საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებს, ეკლესიას სასაფლაოს მაქსიმალურად თავი ავარიდოთ“, - განაცხადა ჩხაიძემ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 284 061 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 275 024, გარდაიცვალა 3 822 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. ევროპის წამლის სააგენტოს ინფორმაციით, AstraZeneca-ს ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტური არჩევანია.