მიხეილ სარჯველაძე: ნუ შევაყრით მოქალაქეებს თვალში ნაცარს, რომ თითქოს შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი ვადამდელი არჩევნებია 

მიხეილ სარჯველაძე: ნუ შევაყრით მოქალაქეებს თვალში ნაცარს, რომ თითქოს შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი ვადამდელი არჩევნებია 

უმიზეზოდ, ხელოვნურად შექმნილი კრიზისის გამო რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის გადაწყვეტილების მიღება ცუდ პრეცედენტს გააჩენს - ეს უპასუხისმგებლო მოთხოვნაა და ამაზე აყოლა არაფერს სასიკეთოს ქვეყანას არ მოუტანს, - აღნიშნული შეფასება დღეს პარლამენტში, „ქართული ოცნების" დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ გააკეთა.

სარჯველაძის აზრით, ოპოზიციას დიდი სურვილი აქვს, ხელოვნურად შექმნილი კრიზისი რეალურ კრიზისში გარდაქმნას.

„ნუ შევაყრით მოქალაქეებს თვალში ნაცარს და ნუ დავარწმუნებთ, რომ თითქოს შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი ვადამდელი არჩევნებია. ეს მოსახლეობის მოტყუებაა! ეს არის არა საქართველოს მოსახლეობის, არამედ პარტიების ინტერესში", - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

მისივე განცხადებით, ოპოზიციასთან მოლაპარაკებების პროცესი არა თუ შეიძლება გაგრძელდეს, არამედ უნდა გაგრძელდეს.

„შესაბამისად, ოპოზიციისადმი ჩემი შეთავაზება იქნებოდა, შეიცვალონ დამოკიდებულებები იმისათვის, რომ მოლაპარაკებების პროცესი შედეგიანი აღმოჩნდეს. ეს ყველაზე მეტად ქვეყნის შემდგომ განვითარებას სჭირდება. რაც შეეხება მოლაპარაკებების ფორმატს, ნებისმიერი ფორმატი მოლაპარაკებების წარმატებულად წარმართვას უნდა მიესადაგოს. ამ თვალსაზრისით ფორმებზეც საფიქრალი გვექნება, მათ შორის ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან ერთად", - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.