რადგანაც მესამე ტალღის განვითარება ემთხვევა წელიწადის შესაძლო თბილ პერიოდს, ადამიანები უფრო მეტ დროს გარეთ ატარებენ, ვიდრე შიგნით, ეს იმედს მაძლევს, რომ ახალი შემთხვევების რაოდენობა უფრო მასშტაბური არ იქნება, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა „იმედის დილაში“ განაცხადა.
მისი თქმით, ვირუსს თავისი გავრცელების პოტენციალი აქვს და მისი შემაკავებელი მხოლოდ სამი ფაქტორია.
„ერთი ეს არის პირბადე, რომელსაც შეუძლია, 30%-ით შემცირდეს ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი. სამიზნე ქვეყნად ითვლება სინგაპური, სადაც მოსახლეობის 95% შენობის შიგნით და გარეთ ატარებს პირბადეს და პანდემიის დაწყების პირველივე დღიდან ფაქტობრივად, პანდემია გაკონტროლებულია. მეორე ეს არის მობილობის შეზღუდვა. მარტივი სიტყვებით რომ ვთქვათ, ადამიანები სახლში ხელოვნურად დაამწყვდიო და მათ არ მისცე გარეთ გასვლის შესაძლებლობები. მესამე ეს არის ვაქცინაცია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენს ქვეყანაში რა დარჩა: ჩემი თვალთახედვით შემზღუდავი ღონისძიებები ძალიან სწრაფად და ნაჩქარევად მოიხსნა, თუმცა მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ამას ითხოვდა. პირბადის ტარება აგვისტოს მაჩვენებელს, 43%-ს, მიუახლოვდა. 1-ლი აპრილის მონაცემებით არის 50%-ზე ასული, თუმცა ნოემბერ-დეკემბერ-იანვარში ჩვენ 72% გვქონდა. პრაქტიკულად განახევრებულია. ვაქცინაცია კი არ გვაქვს ისეთი მასშტაბის, რომ ეპიდემიაზე გავლენა მოვახდინოთ. რა ლოგიკური სცენარია? - ვირუსზე ზემოქმედებისთვის მხოლოდ პირბადე დაგვრჩა და იმასაც არ ვიყენებთ“, - განაცხადა კულუმბეგოვმა.
მისივე თქმით, არსებული სიტუაციიდან გამომდინარე რეგულაციების გამკაცრების რისკი არსებობს.