ჩინეთის ელჩი: „სინოფარმის“ ვაქცინა ტრადიციული, სანდო მეთოდითაა დამზადებული - მისი ეფექტიანობისა და უსაფრთხოების დონე ძალიან მაღალია

ჩინეთის ელჩი: „სინოფარმის“ ვაქცინა ტრადიციული, სანდო მეთოდითაა დამზადებული - მისი ეფექტიანობისა და უსაფრთხოების დონე ძალიან მაღალია

ჩვენ საქართველოს მივაწოდეთ „სინოფარმის“ მიერ წარმოებული ვაქცინა, რომელიც ტრადიციული, სანდო მეთოდითაა დამზადებული. ვაქცინის ეფექტიანობისა და უსაფრთხოების დონე ძალიან მაღალია, - განაცხადა ჩინეთის ელჩმა საქართველოში, ლი იენმა ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე.

მისივე განცხადებით, COVID-19-ის გლობალური პანდემიის დაწყებიდან, ჩინეთი და საქართველო მუდამ ეხმარებიან ერთმანეთს.

„პრევენციისა და კონტროლის გაზიარებით, მატერიალური დახმარების გაწევითა და სხვა ფორმებით, ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო თანამშრომლობა აქტიურად გრძელდება. როგორც იტყვიან, მეგობარი გასაჭირში იცნობა. ვაქცინებზე მოთხოვნა, როგორც საერთაშორისო დონეზე, ისე ქვეყნის შიგნით - ძალიან მაღალი, ხოლო ვაქცინების წარმოების მოცულობა არასაკმარისია. ასეთ ვითარებაში, ქართული მხარის თხოვნის შესაბამისად, ჩინეთმა საქართველოს ვაქცინა მიაწოდა. პრეზიდენტ სი ძინპინის მნიშვნელოვანი განცხადებით, ვაქცინა გლობალური საზოგადოებრივი პროდუქტი უნდა იყოს. ჩინეთი პრაქტიკული ქმედებებით ცდილობს ამის სისრულეში მოყვანას. ჩინური მხარე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჩინურ-ქართულ ურთიერთობებს. ვაქცინა ვირუსის საწინააღმდეგო იარაღი და სიცოცხლის გადარჩენის იმედია. მსოფლიოში, ჩინეთი ყოველთვის ვაქცინის კვლევის, განვითარების, წარმოებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის პირველი ეშელონი იყო. ჩინური ვაქცინები ეპიდემიის წინააღმდეგ, გლობალურ ომში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ამჯერად, ჩვენ საქართველოს მივაწოდეთ „სინოფარმის“ მიერ წარმოებული ვაქცინა, რომელიც ტრადიციული, სანდო მეთოდითაა დამზადებული. ვაქცინის ეფექტიანობისა და უსაფრთხოების დონე ძალიან მაღალია. ის არა მხოლოდ ჩინეთში გამოიყენება, არამედ, მისი ექსპორტი 50-ზე მეტ ქვეყანაში ხორციელდება. მსოფლიოში მისი 100 მილიონზე მეტი დოზაა გამოყენებული. ჩინური მხარე იმედოვნებს, რომ ჩინური ვაქცინა საქართველოში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ეპიდემიის დამარცხებისა და ქართველი ხალხის სიცოცხლის, უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის საქმეში. შემდეგ ეტაპზე, ჩინეთი მზადაა, საქართველოსთან გააგრძელოს საერთაშორისო თანამშრომლობა, მათ შორის - ვაქცინების მიმართულებით“, - აღნიშნა დიპლომატმა.

ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა გასულ კვირას მიიღო. იქამდე, საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან.