გიორგი ვაშაძე: საპარლამენტო მანდატების კიდევ ერთხელ შეჩერებაზე განცხადების შეტანა არასერიოზულია

გიორგი ვაშაძე: საპარლამენტო მანდატების კიდევ ერთხელ შეჩერებაზე განცხადების შეტანა არასერიოზულია

სათამაშო არაა ეს პროცესი, რომ ისევ დავწეროთ განცხადება პარლამენტის მანდატების შეჩერებაზე და ისევ უარი გვითხრან, ერთდღიანი ნიუსებისთვის ხომ არ უნდა გადავდგათ ნაბიჯები, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ, „ტვ.პირველის“ ეთერში განაცხადა.

„ჩემი აზრით არასერიოზულია ასეთი ქმედება ჩვენი უცხოელი პარტნიორების თვალში. მე არ ვაპირებ ამ თამაშებში მონაწილეობის მიღებას. ხომ უნდა განვსაზღვროთ, რომ დავწერეთ განცხადება, უარი გვითხრეს და მერე რა? მე ასე არ ვფიქრობ, ცოტა სხვაგვარი მიდგომა მაქვს. სერიოზულობა მნიშვნელოვანია და ისიც რომ ჩვენი უცხოელი პარტნიორების თვალში არ ვიყოთ დესტრუქციულები“, - აღნიშნა ვაშაძემ.

ამასთან, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ არ სურს უცხოელმა პარტნიორებმა იფიქრონ, რომ მათ ერის მხრივ მედიაციას სთხოვს, ხოლო მეორეს მხრივ პოლიტიკურ ხრიკებს იყენებს.„დღეს ოპოზიციას სოლიდური სახე აქვს პარტნიორების თვალში. ჩვენ ამას მივაღწიეთ და არ მინდა ეს მონაპოვარი ხელიდან გავუშვათ“, - აღნიშნა ვაშაძემ.

დღეს, „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ პარლამენტს ოპოზიციის წარმომადგენლებმა უფლებამოსილების შეჩერების შესახებ კიდევ ერთხელ უნდა მიმართონ.