მამუკა მდინარაძე: როდესაც მამის ტოლ კაცს აგინებ, მონას ეძახი და ამ დროს პროტესტის სათავეში დგას „ეფესბე“-ს აგენტურა, ძნელი მოსათმენია

მამუკა მდინარაძე: როდესაც მამის ტოლ კაცს აგინებ, მონას ეძახი და ამ დროს პროტესტის სათავეში დგას „ეფესბე“-ს აგენტურა, ძნელი მოსათმენია

ჩვენ ყველას გვაქვს თმენის ვალდებულება. არ მგონია თავად გიორგი ვოლსკიმაც თქვას, რა კარგი რამე გავაკეთეო, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტის შეკითხვას, აქტივისტების მისამართით გიორგი ვოლსკის მიერ გაკეთებული ჟესტის შესახებ.

„მეორე მხარეც აქვს ამ ყველაფერს, ნამდვილად არ ვცდილობ რაღაცის გამართლებას ან გამტყუნებას, მაგრამ როდესაც მამის ტოლ კაცს აგინებ, მონას ეძახი და ამ დროს, შენი პროტესტი დაგეგმილია და სათავეში უდგას „ეფესბე“-ს აგენტურა და რუსული საქმის მკეთებელი ხალხი, მართლა ძნელი მოსათმენია. ამართლებს თუ არა, ეს მეორე საკითხია“, - განაცხადა მდინარაძემ.

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის სხდომები საპროტესტო აქციის ფონზე გაიმართა. პარტიის ცენტრალური ოფისის წინ შეკრებილი იყვნენ მოძრაობა „სირცხვიალიას“, „გაბედესა“ და „შეცვალეს“ აქტივისტები. პოლიტიკოსების, მათ შორის პარტიაში მისული გიორგი ვოლსკის მისამართით ისმოდა შეურაცხმყოფელი შეძახილები, რომელსაც პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა უხერხული ჟესტით უპასუხა.