ჩვენ გიჭერთ მხარს ოპოზიციას თქვენი უფლებების გაუმჯობესებაში, დახვეწაში, კონტროლში, ეს არის ჩვენი სტრატეგია, მაგრამ ბოიკოტი ნამდვილად არ არის გამოსავალი. ქუჩიდან რომ მოხდება გადატრიალება ან ხელისუფლების შეცვლა, ეს ჩემთვის აბსოლუტურად და კატეგორიულად მიუღებელია, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, სასურველია, რომ ოპოზიციას თავიდანვე დაეკავებინა სავარძლები საქართველოს პარლამენტში.
„მე თავიდანვე ვისურვებდი, რომ არ ყოფილიყო ბოიკოტი და ყველა კოლეგას მოვუწოდებდი, შებრძანებულიყვნენ და დაეკავებინათ მათი სავარძლები საქართველოს პარლამენტში. მე, როგორც ევროპარლამენტარი, ვიმუშავებ მხოლოდ და მხოლოდ რეალურ პარლამენტარებთან. ბოიკოტი არ არის გამოსავალი. მე თუ ვმონაწილეობ არჩევნებში და შემდეგ არ შევდივარ პარლამენტში, არ ვიკავებ ჩემს სავარძელს, ფაქტობრივად, მე ვღალატობ ჩემს ამომრჩეველს. ჩვენ გიჭერთ მხარს ოპოზიციას თქვენი უფლებების გაუმჯობესებაში, დახვეწაში, კონტროლში, ეს არის ჩვენი სტრატეგია, მაგრამ ბოიკოტი ნამდვილად არ არის გამოსავალი და რომ ქუჩიდან მოხდება გადატრიალება ან ხელისუფლების შეცვლა, ჩემთვის აბსოლუტურად და კატეგორიულად მიუღებელია“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.
მისივე თქმით, ოპოზიციამაც უნდა იტვირთოს თანაპასუხისმგებლობა, პირველი ნაბიჯები უნდა გადადგას.
„ოპოზიციამ მიიღო გადაწყვეტილება, გამოეცხადებინა ბოიკოტი და ეუთოს დასკვნის მიმართ მხოლოდ ზედაპირული შეფასებები გაკეთდა ოპოზიციის მხრიდან - რა შუაშია საერთოდ გიორგი რურუას თემა. ოპოზიციამაც უნდა იტვირთოს თანაპასუხისმგებლობა, პირველი ნაბიჯები უნდა გადადგას. მათი ამომრჩევლების მიმართ იქნება კორექტული, რომ კომპრომისული ნაბიჯები გადადგას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციური პარტიების წევრები შევლენ საქართველოს პარლამენტში და იქ ითანამშრომლებენ. ამავდროულად, საქართველოს ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს უდიდესი პასუხისმგებლობა, მაგრამ ობსტრუქცია არ უნდა მოაწყოს ქართულმა ოპოზიციურმა სპექტრმა. სხვა ყველაფერი არის უბრალოდ ფუჭი. ვერ ვხედავ, ხელისუფლებამ, „ქართულმა ოცნებამ“ რატომ არ მოაწერა ხელი ამ შეთანხმებას, მათი არგუმენტი არის, იმიტომ, რომ ოპოზიციამ არ მოაწერა, ეს არ არის ჩემთვის არგუმენტი. მათი ხელმოწერა იყო მნიშვნელოვანი. მათ შეეძლოთ გამოეხატათ კეთილი ნება და მოეწერათ ხელი. ეს იქნებოდა უკვე წინ გადადგმული ნაბიჯი, ბევრი ცვლილება, ბევრი კომპრომისი ავტომატურად შევიდოდა ძალაში. ორივე მხარემ უნდა დათმოს - არა ჩემთვის, არა პირადი კარიერისთვის, არამედ ქვეყნისთვის, სამშობლოსთვის, საქართველოსთვის, მოქალაქეებისთვის უკეთესი ეკონომიკური განვითარებისთვის. ეს ვერ გაიგეს ამ ადამიანებმა, ნაცვლად მათი ეგოს უკანა პლანზე გადაწევისა, მათ პოლიტიკური მომენტები უნდა წამოწიონ წინა პლანზე“, – განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.