ირაკლი რუხაძე: გუშინ ღამით რაც მოხდა, ეს არის პირდაპირი დარტყმა ქართულ ეკონომიკასა და ტურიზმზე

ირაკლი რუხაძე: გუშინ ღამით რაც მოხდა, ეს არის პირდაპირი დარტყმა ქართულ ეკონომიკასა და ტურიზმზე

ტელეკომპანია „იმედის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი რუხაძე სამარცხვინოს უწოდებს პროტესტის იმ ფორმებსა და ქმედებებს, რაც გუშინ ვლადიმერ პოზნერის საქართველოში სტუმრობის გამო სასტუმროების მიმდებარე ტერიტორიაზე ზოგიერთმა აქტივისტმა და პოლიტიკოსმა გამოხატა.

როგორც რუხაძემ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, ეს იყო პირდაპირი დარტყმა ქართულ ეკონომიკასა და ტურიზმზე. „გუშინ ღამით რაც მოხდა, ეს საქართველოს ეკონომიკაზე უზარმაზარი დარტყმაა, რადგან არათუ რუსეთიდან არ ჩამოვლენ ტურისტები, არამედ არც უკრაინიდან, ბელორუსიდან, ვინც რუსულად საუბრობს. რუსულად მოსაუბრე ადამიანები ვერ გაერკვევიან, ქვებს ესვრიან თუ არ ესვრიან. თქვენ გახსოვთ, რას ყვიროდა ხალხი, რომ რუსეთიდან არ შემოუშვებენ სტუმრებს. ვინც გარეთ იდგა, ისინი მთელ ტურიზმს ანადგურებდნენ“, - აღნიშნა ირაკლი რუხაძემ.

ვლადიმერ პოზნერი საქართველოში 31 მარტს ჩამოვიდა. მის ვიზიტს საქართველოში სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი მოჰყვა, რომლებსაც მოგვიანებით, პოლიტიკოსებიც შეუერთდნენ. მოვლენები ე.წ. კომენდანტის საათის დროს განვითარდა, ამიტომ შრომის ინსპექციამ სასტუმრო „ვინოტელი“, სადაც ვლადიმერ პოზნერი და მისი სტუმრები იმყოფებოდნენ, 10 000 ლარით დააჯარიმა. ამასთან, როგორც შსს-ს წარმომადგენელმა „ქრონიკას“ უთხრა, დაჯარიმდება ყველა, ვინც დაარღვია გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა. ამასთან, შსს-ში განაცხადეს, რომ ვლადიმერ პოზნერი ამერიკის მოქალაქეა და მას კანონი ოკუპაციის შესახებ დარღვეული არ აქვს.

პოლიციამ რუსეთიდან ჩამოსული 32 მოქალაქე, მათ შორის ვლადიმერ პოზნერი იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევის ფაქტზე დააჯარიმა. რუსმა ჟურნალისტმა საქართველო 1-ელ აპრილს, დილით დატოვა.