ირაკლი ქადაგიშვილი: ჩვენი პროტესტი და სამართლიანი აღშფოთება არ უნდა გახდეს ის ბუმერანგი, რაც საქართველოს უფრო მძიმე დარტყმის სახით შემოუბრუნდება

ირაკლი ქადაგიშვილი: ჩვენი პროტესტი და სამართლიანი აღშფოთება არ უნდა გახდეს ის ბუმერანგი, რაც საქართველოს უფრო მძიმე დარტყმის სახით შემოუბრუნდება

სამწუხაროდ, ის, რაც დილას ვთქვი, ცოტა ხანში დადასტურდა, რაც ჩვენ რუსეთის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარისა და შემდგომ უკვე პრეზიდენტის პრესმდივნისგან განცხადების სახით გაჟღერდა, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, საფუძვლიანი ეჭვი აქვს, რომ პროტესტანტების კონკრეტული ჯგუფის გარკვეული ნაწილი ამ პროტესტს იმისთვის იყენებს, რომ მოხდეს ესკალაცია.

„სამწუხაროდ, ის, რაც დილას ვთქვი, ცოტა ხანში დადასტურდა, რაც ჩვენ რუსეთის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარისა და შემდგომ უკვე პრეზიდენტის პრესმდივნისგან განცხადების სახით გაჟღერდა. რა თქმა უნდა არავის, სიამოვნებს და ყველასთვის მიუღებელია ის განცხადებები, რაც იგივე პოზნერს აქვს გაკეთებული სხვადასხვა დროს ამა თუ იმ ეთერში, მაგრამ ამავდროულად ჩვენ ყოველთვის უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენი პროტესტი და სამართლიანი აღშფოთება ამ თუ იმ საკითხზე არ გახდეს ის ბუმერანგი, რაც საქართველოს უფრო მძიმე დარტყმის სახის შემოუბრუნდება. სწორედ ამაზე გავაკეთე აქცენტი, როდესაც ვამბობდი, რომ ასეთმა სახის პროტესტმა შესაძლოა, ძალიან ცუდი უკურეაქცია გამოიწვიოს საქართველოსთვის და ხშირ შემთხვევაში მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ პროტესტანტების კონკრეტული ჯგუფის გარკვეული ნაწილი ამ პროტესტს იმისთვის იყენებს, რომ მოხდეს იმგვარი ესკალაცია, რაც საბოლოო ჯამში ჩვენთვის შესაძლოა უარესი შედეგის მომტანი იყოს. ჩვენ გვახსოვს, რამდენიმე ასეთი შემთხვევა, რაც მძიმე დარტყმად დაუბრუნდა საქართველოს ეკონომიკას“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ვლადიმერ პოზნერი საქართველოში 31 მარტს ჩამოვიდა. მის ვიზიტს საქართველოში სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი მოჰყვა, რომლებსაც მოგვიანებით, პოლიტიკოსებიც შეუერთდნენ. მოვლენები ე.წ. კომენდანტის საათის დროს განვითარდა, ამიტომ შრომის ინსპექციამ სასტუმრო „ვინოტელი“, სადაც ვლადიმერ პოზნერი და მისი სტუმრები იმყოფებოდნენ, 10 000 ლარით დააჯარიმა. ამასთან, როგორც შსს-ს წარმომადგენელმა „ქრონიკას“ უთხრა, დაჯარიმდება ყველა, ვინც დაარღვია გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა. ამასთან, შსს-ში განაცხადეს, რომ ვლადიმერ პოზნერი ამერიკის მოქალაქეა და მას კანონი ოკუპაციის შესახებ დარღვეული არ აქვს.

ამასთან, პოლიციამ რუსეთიდან ჩამოსული 32 მოქალაქე, მათ შორის ვლადიმერ პოზნერი იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევის ფაქტზე დააჯარიმა.

რუსმა ჟურნალისტმა საქართველო 1-ელ აპრილს, დილით დატოვა.