პროტესტი იყო არა მოქალაქეების, არამედ იმავე ხალხის, რომელსაც ნებისმიერ აქციაზე ვხედავ ხოლმე. ძალიან სამარცხვინო იყო კვერცხების სროლა, სახლში რომ მივუვარდით, შევუვარდით, ვგულისხმობ, იმ კომპანიების მესაკუთრეებსაც, ვის სასტუმროებშიც და ბიზნესებშიც ხდებოდა ეს, - ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა რუსი ჟურნალისტის ვლადიმერ პოზნერისა და მისი თანმხლები პირების საქართველოში ყოფნის დროს განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა.
მისივე თქმით, მოვლენები უფრო იმას მიანიშნებდა, რომ გავრილოვის მსგავსი ინციდენტის მოწყობა სურდათ.
„დაუჯერებელი მგონია, რომ ეს ჩვენს მოქალაქეებს მოეწონოთ. არ მჯერა ამის. პოზნერის ვიზიტთან დაკავშირებით ჩვენ შესაძლოა, გაგვეპროტესტებინა რეგულაციებთან მიმართებით ხელისუფლების ორმაგი სტანდარტი, ეს სხვა თემა იქნებოდა. მაგრამ ორი ისეთი თემის არევა, როგორიცაა ოკუპაცია, სტუმარი, ასეთი ქცევა ძალიან ბევრკომპონენტიანი ამბავია და ეს ყველაფერი უფრო იმას მანიშნებდა, რომ რაღაცნაირად, გავრილოვის მსგავსი ინციდენტის მოწყობა გვინდოდა. როგორ შეიძლება, 87 წლის კაცის გაგდება საამაყო იყოს“, - განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.
ვლადიმერ პოზნერი საქართველოში 31 მარტს ჩამოვიდა. მის ვიზიტს საქართველოში სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი მოჰყვა, რომლებსაც მოგვიანებით, პოლიტიკოსებიც შეუერთდნენ. მოვლენები ე.წ. კომენდანტის საათის დროს განვითარდა, ამიტომ შრომის ინსპექციამ სასტუმრო „ვინოტელი“, სადაც ვლადიმერ პოზნერი და მისი სტუმრები იმყოფებოდნენ, 10 000 ლარით დააჯარიმა. ამასთან, როგორც შსს-ს წარმომადგენელმა „ქრონიკას“ უთხრა, დაჯარიმდება ყველა, ვინც დაარღვია გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა. ამასთან, შსს-ში განაცხადეს, რომ ვლადიმერ პოზნერი ამერიკის მოქალაქეა და მას კანონი ოკუპაციის შესახებ დარღვეული არ აქვს.
ამასთან, პოლიციამ რუსეთიდან ჩამოსული 32 მოქალაქე, მათ შორის ვლადიმერ პოზნერი იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევის ფაქტზე დააჯარიმა.
რუსმა ჟურნალისტმა საქართველო 1-ელ აპრილს, დილით დატოვა.