ირაკლი კობახიძე: პოზნერის ვიზიტს აპროტესტებდნენ ადამიანები, რომლებიც შემჩნეული არიან ღია თუ ფარულ კავშირებში რუსეთის ფედერაციასთან

ირაკლი კობახიძე: პოზნერის ვიზიტს აპროტესტებდნენ ადამიანები, რომლებიც შემჩნეული არიან ღია თუ ფარულ კავშირებში რუსეთის ფედერაციასთან

გუშინ პოზნერის ვიზიტს აპროტესტებდნენ ადამიანები, რომლებიც აკეთებენ რუსულ საქმეს საქართველოში და რომლებიც შემჩნეული არიან ღია თუ ფარულ კავშირებში რუსეთის ფედერაციასთან, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

„ნინო ბურჯანაძე აპროტესტებდა პოზნერის ვიზიტს საქართველოში, ირაკლი ოქრუაშვილი, შალვა ნათელაშვილი და ა.შ. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც სხედან „ნაცმოძრაობის“ ოფისში. ესენი არიან ადამიანები, რომელთაც აქვთ გაკეთებული ბევრად უფრო მძიმე განცხადებები, ვიდრე იყო პოზნერის განცხადება, რომელსაც გუშინ ცუდი საქმის მკეთებელი ადამიანების კასტა აფრიალებდა. ყველაფერი დღესავით ნათელია, ეს ადამიანები აკეთებენ რუსულ საქმეს და ისინი „აპროტესტებდნენ“ გუშინ რუსეთის მოქალაქის ვიზიტს საქართველოში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ვლადიმერ პოზნერი საქართველოში 31 მარტს ჩამოვიდა. მის ვიზიტს საქართველოში სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი მოჰყვა, რომლებსაც მოგვიანებით, პოლიტიკოსებიც შეუერთდნენ. მოვლენები ე.წ. კომენდანტის საათის დროს განვითარდა, ამიტომ შრომის ინსპექციამ სასტუმრო „ვინოტელი“, სადაც ვლადიმერ პოზნერი და მისი სტუმრები იმყოფებოდნენ, 10 000 ლარით დააჯარიმა. ამასთან, როგორც შსს-ს წარმომადგენელმა „ქრონიკას“ უთხრა, დაჯარიმდება ყველა, ვინც დაარღვია გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა. ამასთან, შსს-ში განაცხადეს, რომ ვლადიმერ პოზნერი ამერიკის მოქალაქეა და მას კანონი ოკუპაციის შესახებ დარღვეული არ აქვს.

ამასთან, პოლიციამ რუსეთიდან ჩამოსული 32 მოქალაქე, მათ შორის ვლადიმერ პოზნერი იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევის ფაქტზე დააჯარიმა.

რუსმა ჟურნალისტმა საქართველო 1-ელ აპრილს, დილით დატოვა.