მართლა ჩემთვისაც კატეგორიულად მიუღებელი იყო ის, როცა დავინახე, რომ საქართველოს სხვა მოქალაქეები სახლში არიან, ეს ადამიანები დემონსტრაციულად კარანტინის პირობებს არღვევდნენ. ისინი დაჯარიმდნენ და მორალურადაც გასაკიცხი ქმედება იყო ამაში 2 აზრი არ არის, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, უკვე პირველი ნიშნები არსებობს და შესაძლოა მე-3 ტალღა ძალიან ახლოს იყოს და ყველას, მათ შორის ბენო ქაშაყაშვილისაც ძალიან კარგად უნდა ესმოდეს, რომ ადამიანების სიცოცხლეზეა საუბარი.
„მართლა, ჩემთვისაც კატეგორიულად მიუღებელი იყო ის, როცა დავინახე, რომ საქართველოს სხვა მოქალაქეები სახლში არიან, ეს ადამიანები დემონსტრაციულად კარანტინის პირობებს არღვევდნენ. ისინი დაჯარიმდნენ და მორალურადაც გასაკიცხი ქმედება იყო ამაში 2 აზრი არ არის. რაც შეეხება ბენო ქაშაყაშვილს, ის ადრე „ქართული ოცნების“ სიაში იყო, მასზე სიუჟეტები და აჟიოტაჟი იყო ატეხილი, რომ ამ ადამიანმა დატოვა „ოცნება“ განუდგა მას, რაც მისმა რამდენიმე კრიტიკულმა განცხადებამ კიდევ უფრო გაამძაფრა. მაშინ თუ განგვიდგა ეს ადამიანი, ახლა, რადგან თქვენ გაწყობთ, დაგვიბრუნდა თუ რაშია საქმე“, - განაცხადა მდინარაძემ.
ვლადიმერ პოზნერი საქართველოში 31 მარტს ჩამოვიდა. მის ვიზიტს საქართველოში სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი მოჰყვა, რომლებსაც მოგვიანებით, პოლიტიკოსებიც შეუერთდნენ. მოვლენები ე.წ. კომენდანტის საათის დროს განვითარდა, ამიტომ შრომის ინსპექციამ სასტუმრო „ვინოტელი“, სადაც ვლადიმერ პოზნერი და მისი სტუმრები იმყოფებოდნენ, 10 000 ლარით დააჯარიმა. ამასთან, როგორც შსს-ს წარმომადგენელმა „ქრონიკას“ უთხრა, დაჯარიმდება ყველა, ვინც დაარღვია გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა. ამასთან, შსს-ში განაცხადეს, რომ ვლადიმერ პოზნერი ამერიკის მოქალაქეა და მას კანონი ოკუპაციის შესახებ დარღვეული არ აქვს.
ამასთან, პოლიციამ რუსეთიდან ჩამოსული 32 მოქალაქე, მათ შორის ვლადიმერ პოზნერი იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევის ფაქტზე დააჯარიმა.
რუსმა ჟურნალისტმა საქართველო 1-ელ აპრილს, დილით დატოვა.