იაგო ხვიჩია გუშინ ვლადიმერ პოზნერის ვიზიტს გამოეხმაურა. „გირჩის“ წევრისთვის ღამე თბილისის ქუჩებში განვითარებული მოვლენები მიუღებელია.
„საქართველოში ბევრი ადამიანი დადის, რომელსაც საქართველოს ტერიტორიულ მოწყობაზე, მის კონსტიტუციაზე, ტერიტორიულ მთლიანობაზე წინააღმდეგობრივი მოსაზრებები აქვს. ასეთი ადამიანები არიან როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთაც. ჩემი აზრით, ისეთი ქცევა, როგორიც გუშინ თბილისის ქუჩებში ხდებოდა, არ გვეკადრება ქართველებს. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ პოზნერი კარგი კაცია, საქართველოზე გული შესტკივა და ა.შ. უბრალოდ ასეთი ქცევა საპასუხოდ იმისა, რომ ვიღაცას რაღაც არ მოსწონს და იმ კონცერტების დადგმა ჩემთვის არის მიუღებელი, რაც არ უნდ არაპოპულარულად მოგეჩვენოთ ეს ნალაპარაკევი“, - განაცხადა ხვიჩიამ.
ვლადიმერ პოზნერი საქართველოში 31 მარტს ჩამოვიდა. მის ვიზიტს საქართველოში სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი მოჰყვა, რომლებსაც მოგვიანებით, პოლიტიკოსებიც შეუერთდნენ. მოვლენები ე.წ. კომენდანტის საათის დროს განვითარდა, ამიტომ შრომის ინსპექციამ სასტუმრო „ვინოტელი“, სადაც ვლადიმერ პოზნერი და მისი სტუმრები იმყოფებოდნენ, 10 000 ლარით დააჯარიმა. ამასთან, როგორც შსს-ს წარმომადგენელმა „ქრონიკას“ უთხრა, დაჯარიმდება ყველა, ვინც დაარღვია გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა. ამასთან, შსს-ში განაცხადეს, რომ ვლადიმერ პოზნერი ამერიკის მოქალაქეა და მას კანონი ოკუპაციის შესახებ დარღვეული არ აქვს.
ამასთან, პოლიციამ რუსეთიდან ჩამოსული 32 მოქალაქე, მათ შორის ვლადიმერ პოზნერი იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევის ფაქტზე დააჯარიმა.
რუსმა ჟურნალისტმა საქართველო 1-ელ აპრილს, დილით დატოვა.