ლევან ნიკოლეიშვილი გუშინდელ აქციაზე: მოლაპარაკებები ჩაიშალა სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივით, ამიტომ ცდილობენ არეულობა შექმნან, ყურადღება გადაიტანონ

ლევან ნიკოლეიშვილი გუშინდელ აქციაზე: მოლაპარაკებები ჩაიშალა სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივით, ამიტომ ცდილობენ არეულობა შექმნან, ყურადღება გადაიტანონ

რუსი ჟურნალისტის, ვლადიმერ პოზნერის საქართველოში ჩამოსვლასა და ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი აფასებს. მისი განმარტებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ფასილიტატორების ჩართულობით პოლიტიკური მოლაპარაკებები ჩაშალა, ახლა კი ამ არეულობით ამ ფაქტის გადაფარვას ცდილობს. მისივე თქმით, „ნაცმოძრაობას“ სურს საზოგადოების ყურადღება პოლიტიკური მოლაპარაკებებიდან ქვეყანაში არეულობასა და სპექტაკლებზე გადაიტანოს.

„რაც ხდებოდა გუშინ, შეიძლება ითქვას რომ არის ვაქხანალიის გამოვლინება და ერთგვარი გადაფარვა იმ ჩაშლილი მოლაპარაკებებისა რაშიც, რა თქმა უნდა, „ნაციონალური მოძრაობას“ მიუძღვის ყველაზე დიდი წვლილი. ვერანაირად ხელისუფლება ვერ მოიქცევა სხვანაირად, როდესაც ადამიანი შემოდის ქვეყანაში, არ აქვს კანონი დარღვეული და მით უმეტეს გააჩნია შეერთებული შტატების პასპორტი. რა მიზეზით უნდა დაუშალო მას ქვეყანაში შემოსვლა? კანონი უნდა იყოს ყველაზე მაღლა და უზენაესი. შესაბამისად, ეს მოვლენა არის გამოწვეული ერთი მიზნით, რომ რაღაც არეულობა შექმნან, ყურადღება გადაიტანონ, და მოაწყონ ე.წ. პერფორმანსები და სპექტაკლები. გუშინწინ ჩაიშალა მოლაპარაკება, ჩაიშალა სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივით, ვინაიდან ყველა პუნქტი რაზეც იყო იქ საუბარი, შეიძლება ითქვას, რომ მისაღები უნდა ყოფილიყოს ნორმალური ადამიანისათვის“, - აცხადებს ნიკოლეიშვილი.

ვლადიმერ პოზნერი საქართველოში 31 მარტს ჩამოვიდა. მის ვიზიტს საქართველოში სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი მოჰყვა, რომლებსაც მოგვიანებით, პოლიტიკოსებიც შეუერთდნენ. მოვლენები ე.წ. კომენდანტის საათის დროს განვითარდა, ამიტომ შრომის ინსპექციამ სასტუმრო „ვინოტელი“, სადაც ვლადიმერ პოზნერი და მისი სტუმრები იმყოფებოდნენ, 10 000 ლარით დააჯარიმა. ამასთან, როგორც შსს-ს წარმომადგენელმა „ქრონიკას“ უთხრა, დაჯარიმდება ყველა, ვინც დაარღვია გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა. ამასთან, შსს-ში განაცხადეს, რომ ვლადიმერ პოზნერი ამერიკის მოქალაქეა და მას კანონი ოკუპაციის შესახებ დარღვეული არ აქვს.

რუსმა ჟურნალისტმა საქართველო 1-ელ აპრილს, დილით დატოვა.