გერმანიის ელჩი: პარლამენტი ფრთხილად უნდა იყოს ისეთი ინსტრუმენტების შექმნისას, რომლითაც უმცირესობა, ოპოზიცია, გარკვეული პოლიტიკური ქმედების გამო შეიძლება დაისაჯოს

გერმანიის ელჩი: პარლამენტი ფრთხილად უნდა იყოს ისეთი ინსტრუმენტების შექმნისას, რომლითაც უმცირესობა, ოპოზიცია, გარკვეული პოლიტიკური ქმედების გამო შეიძლება დაისაჯოს

„პარლამენტი ძალიან ფრთხილად უნდა იყოს ისეთი ინსტრუმენტების შექმნისას, რომლითაც უმცირესობა, ოპოზიცია, შეიძლება, გარკვეული პოლიტიკური ქმედების გამო დაისაჯოს“, - ამის შესახებ გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

მან ისაუბრა პოლიტიკური პარტიების დაფინანსებასთან და უცხო ქვეყნის მოქალაქის საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობასთან დაკავშირებული კანონპროექტების შესახებ ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის დასკვნაზე.

„საქართველოს პარლამენტმა ვენეციის კომისიასა და ODIHR-ს სთხოვა პოზიციის დაფიქსირება ორივე კანონპროექტთან დაკავშირებით. ორივე ინსტიტუციამ ძალიან მკაფიოდ, დეტალურად და კარგი დასაბუთებით გამოთქვეს მათი პოზიცია თითოეულ პუნქტთან მიმართებაში. დასკვნა ის არის, რომ პარლამენტი ძალიან ფრთხილად უნდა იყოს ისეთი ინსტრუმენტების შექმნისას, რომლითაც უმცირესობა, ოპოზიცია, გარკვეული პოლიტიკური ქმედების გამო შეიძლება დაისაჯოს. ეს ორივე ინსტიტუცია არ გასცემს მითითებებს, პასუხისმგებლობა არჩეულ პოლიტიკოსებზეა. ისინი გადაწყვეტენ, თუ რა შეიძლება, მოცემულ სიტუაციაში იყოს სასარგებლო და რამ შეიძლება, შექმნას პრობლემები“, - აღნიშნა ქნირშმა „ინტერპრესნიუსთან“.

შეგახსენებთ, რომ ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის დასკვნებში აღნიშნულია, რომ: 1) პარტიების დაფინანსების შეწყვეტა, როცა ცალკეული დეპუტატები პარლამენტის სხდომების დიდ ნაწილს არ ესწრებიან, არაპროპორციულად აღიქმება; და 2) პარტიული სიის რეგისტრაციის მოხსნა, რადგან მისი ლიდერი სხვა ქვეყნის მოქალაქეა, არაპროპორციულ ზომად აღიქმება.