დღევანდელი შეხვედრა არ იძლევა იმაზე მსჯელობის საშუალებას, რომ წინ გადავდგით ნაბიჯი, - ამის შესახებ „გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირად წარმომადგენელთან, კირსტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, თუ შეთანხმება არ მოხდება, კრიზისი უფრო გაღრმავდება და ეს ქვეყანა კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩავარდება.
„დღეს არც არანაირი შემოთავაზება და დეტალურად არც პუნქტების გავლა მომხდარა. მგონია, რომ ასე შეუძლებელია დაუსრულებლად გაგრძელდეს, ან მოხდება შეთანხმება, ან არ - მოხდება. უბრალოდ, ამ შეხვედრის შემდეგ გამიჭირდა იმის თქმა, დასრულდება შეთანხმებით, თუ - არა. დღევანდელი შეხვედრა არ იძლევა იმაზე მსჯელობის საშუალებას, რომ წინ გადავდგით ნაბიჯი. ავხსენით ისევ ჩვენი პოზიცია რა არის.
თუ შეთანხმება არ მოხდება, კრიზისი კიდევ უფრო გაღრმავდება და ეს ქვეყანა კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩავარდება“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
კრისტიან დანიელსონი „ლელოსა“ და „სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერებს შეხვდა.
მანამდე კი „ნაციონალური მოძრაობისა“ და „რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენლებს შეხვდა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტს შეხვდა. შემდეგ კი „ქართული ოცნების“ ლიდერებთან ორი შეხვედრა გამართა.