მიხეილ სარჯველაძე: ვფიქრობ, 1-ელ აპრილს ყველა უწყებას ექნება შესრულებული ის ვალდებულება, რომელსაც შშმ პირთა უფლებების შესახებ კანონი აკისრებთ

მიხეილ სარჯველაძე: ვფიქრობ, 1-ელ აპრილს ყველა უწყებას ექნება შესრულებული ის ვალდებულება, რომელსაც შშმ პირთა უფლებების შესახებ კანონი აკისრებთ

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის გარდამავალი დებულებებით განსაზღვრული დავალებების შესრულების მდგომარეობის თაობაზე იმსჯელეს.

კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, აღნიშნული კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების მითითებულ ვადებში შესრულება ძალიან მნიშვნელოვანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის სტანდარტების შემდგომი გაუმჯობესებისთვის.

„შეხვედრას ესწრებოდა ყველა იმ უწყების წარმომადგენელი, რომელთაც „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ კანონის მიხედვით აკისრიათ ვალდებულება, 1-ელ აპრილამდე უზრუნველყონ სამოქმედო გეგმების დამტკიცება. შესაბამისად, ჩვენთვის საინტერესო იყო იმ საკითხების გარკვევა, რომელიც ამ სამოქმედო გეგმების შედგენასთან არის დაკავშირებული და ამის მიხედვით განგვესაზღვრა, რამდენად არსებობს რეალურად მზადყოფნა, რომ 1-ელ აპრილს შესრულებული იყოს სრულად ეს ვალდებულებები. გამოიკვეთა საინტერესო ინფორმაცია, სამომავლო გეგმები. ვფიქრობთ, ყველა წინაპირობა გვაქვს იმის სათქმელად, რომ 1-ელ აპრილს ყველა უწყებას ექნება შესრულებული ის ვალდებულება, რომელსაც კანონი მათ აკისრებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის სტანდარტების შემდგომი გაუმჯობესებისთვის ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.