გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ სახელმწიფოში პრინციპული საკითხების გადაწყვეტისას გარკვეულ მომენტში გიორგი გახარიამ სისუსტე გამოიჩინა

გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ სახელმწიფოში პრინციპული საკითხების გადაწყვეტისას გარკვეულ მომენტში გიორგი გახარიამ სისუსტე გამოიჩინა

გიორგი გახარიას გზავნილი იმის ხაზგასმად მივიღეთ, რომ ის აპირებს პოლიტიკაში აქტიურად იყოს ჩართული. პოლიტიკურ ველზე ახალი პოლიტიკური მოთამაშე შემოვიდა, ვნახოთ, რას იზამს – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, გარკვეულ მომენტში, როდესაც სახელმწიფოში პრინციპული საკითხების გადაწყვეტის დრო იდგა, გიორგი გახარიამ სისუსტე გამოიჩინა.

„რაც შეეხება საუბარს ევროპულ ინტეგრაციაზე ან ნებისმიერ სხვა თემაზე , არ უნდა მოველოდეთ, რომ სხვა განცხადება იქნება მისგან გაკეთებული. როგორ გგონიათ, სხვა რა უნდა ეთქვა? რასაკვირველია იტყოდა, რომ ევროპასთან ინტეგრაციის თემა და ასოცირების პროცესის განვითარება იქნება მნიშვნელოვანი. ეს თემებია პოპულარული. ეკონომიკაზე, რომ არ საუბრობს მიკვირს. მაგრამ ფაქტია, რომ მას გამოცდილება „ქართული ოცნების“ წიაღში და ჩვენს ფორმატში დაუგროვდა. ეს არის რეალობა და თუ მას რაიმე წარმატებული პროექტი ჰქონდა, ეს პირადად მისი არაფერი დამსახურება არ არის. პოლიტიკურ ველზე ახალი პოლიტიკური მოთამაშე შემოვიდა. დეკლარირებული ასეა, ვნახოთ, რას იზამს, რას მოიმოქმედებს, რა გუნდს შექმნის და როგორ ჩამოყალიბდება. ვთქვი, რომ ეს არის ადამიანი, ვინც „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი იყო. ყველანაირი წარმატება „ქართული ოცნების“ ფორმატში უნდა მოვიაზროთ. გარკვეულ მომენტში, როდესაც სახელმწიფოში პრინციპული საკითხების გადაწყვეტის დრო იდგა, გიორგი გახარიამ საკმაოდ ისუსტა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ამასთან, როგორც ვოლსკი ამბობს, რა ნაბიჯებსაც გახარია დგამს, იმასთან არც რომელიმე უწყებას ან ხელისუფლების წარმომადგენელს არავითარი კავშირი არ აქვს.

„ახლა ნაციონალური მოძრაობის სრული შემადგენლობა გამოვიდა, ანალოგიური განცხადება მარგველაშვილმაც გააკეთა, გეგონება ამ ქვეყანაზე ყველაფერი იციან, რა ხდება ფარდის წინ და ფარდის უკან . გეგონებათ, როდესმე სრული სიღრმისეული ანალიზით გამოუჩენია თავი იმ ადამიანებს, ვინც დღეს კომენტარებს აკეთებს. ანალიზის უნარი რომ ჰქონდეთ, იმ მდგომარეობამდე არ მიიყვანდნენ ქვეყნას, როგორიც 2012 წელს ჩავიბარეთ. ბიძინა ივანიშვილი პროცესებში არ მონაწილებს და მით უმეტეს ფარდის მიღმა არავითარი სურვილი არ აქვს, ჩართული იყოს ამ პოლიტიკურ პროცესებში. სურვილი არ აქვს, თქვა ერთხელ, განცხადება გააკეთა. მინდა, ვიყო კონკრეტული, არანაირი კავშირი არ აქვს ან ბიძინა ივანიშვილს, ნებისმიერ ჩვენგანს ან რომელიმე უწყებას, პოლიტსაბჭოს იმასთან, რასაც გიორგი გახარია აკეთებს და რა ნაბიჯებსაც დგამს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კითხვაზე, ხომ არ შეიძლება კახაბერ საბანაძე გიორგი გახარიას გუნდში ვიხილოთ, ვოლსკიმ განაცხადა, რომ თანამდებობის დატოვება არ ნიშნავს, რომ პირი აუცილებლად რომელიმე პოლიტიკურ გუნდში წავა.

„თანამდებობის დატოვება მექანიკურად არ ნიშნავს, რომ ის რომელიმე პოლიტიკურ გუნდში წავა. მის მიერ თანამდებობის დატოვების გარემოებები აბსოლუტურად სხვაა. მას, რომ ამ გარემოებებიდან გამომდინარე არ დაეტოვებინა, რაზეც გამოძიება მიმდინარეობს და ისე წასულიყო, მაში საფუძველი იქნებოდა გვეფიქრა, რომ ის რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფში ან ფორმატში მოხვდება“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ წავკისში, საკუთარ სახლთან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს.

„მიუხედავად იმისა, რომ უამრავი სხვადასხვა ჭორი დადიოდა, არსად წასვლას არ ვაპირებ. მეტიც – არც პოლიტიკიდან წავალ. რეალურად, გეგმებს მივყვებით, ჩვენს დღის წესრიგს, რაც მოგვცემს შესაძლებლობას და საშუალებას, უახლოეს პერიოდში ყველაფერი დეტალურად გაგიზიაროთ და მოგიყვეთ. ეს არის, დღეს რისი თქმაც მინდოდა. დროებით, მალე შევხვდებით“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ასევე, გიორგი გახარიამ „ტვიტერზე“ დაწერა, რომ მუშაობს პოლიტიკურ დღის წესრიგზე. მისი თქმით, საქართველოს სჭირდება პოლიტიკური პოლარიზაციის აღმოფხვრა და ევროპული მომავლისთვის რეალური დღის წესრიგის შემუშავება.