სოზარ სუბარი მიხეილ სააკაშვილზე: ამ კაცს უნდა, სუფრის თავში იჯდეს ან არევაზე იფიქროს

სოზარ სუბარი მიხეილ სააკაშვილზე: ამ კაცს უნდა, სუფრის თავში იჯდეს ან არევაზე იფიქროს

ოპოზიციამ ყველანაირი შეთანხმება დაარღვია, როცა მოლაპარაკებების შემდეგ ტყუილ-მართალზე ისაუბრა და რაც საჯაროდ გამოიტანა, ნაწილი ტყუილი იყო, ნაწილი მართალი და ასევე იყო მოგონილი თემებიც, - ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა „პირველ არხს“ განუცხადა.

მისი თქმით, ყველა მეგობარი გვეუბნება, რომ პარლამენტისთვის ბოიკოტის გამოცხადება არაცივილიზებულობის ნიშანია და პარტია, რომელიც მოსახლეობის მხარდაჭერას იღებს, პარლამენტში უნდა იყოს წარმოდგენილი და სწორედ ამიტომ, ოპოზიციურ პარტიებს პარლამენტში შესვლისკენ ყველა მოუწოდებს.

„ამის მიუხედავად, დეტალების დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებთ. ახალი მოლაპარაკებები იქნება და იმედია, ახლა მაინც დაიცავენ შეთანხმებას. როცა ქვეყანას ისეთი პოლიტიკოსი ჰყავს, როგორიც მიხეილ სააკაშვილია, პოლარიზაცია ვერ დასრულდება. ამ კაცს უნდა იჯდეს სუფრის თავში, ან არევაზე იფიქროს. ხალხმა ეს მანდატი არ მისცა. გასაოცარი სხვა რამეა – ერთადერთი შემთხვევაა, რომ პარტია და პოლიტიკოსები, რომლებმაც სისტემურ წამებას საფუძველი ჩაუყარეს და დააკანონეს, პოლიტიკურ არენაზე დარჩნენ და კიდევ პრეტენზია აქვთ, ქვეყნის სათავეში მოვიდნენ. მსოფლიოში მსგავსი რამე არ მომხდარა და კარგი იქნება, თუ ჩვენი პარტნიორები ამ ყველაფერს ამ ჭრილიდან შეხედავენ, გამოჩნდება, რომ არსებობს არა პოლარიზება, არამედ ის, ვინ არის პოლარიზაციის სათავე“, – აღნიშნა სუბარმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი საქართველოში კვირის ბოლოს დაბრუნდება. შარლ მიშელი აცხადებს, რომ კრისტიან დანიელსონი საქართველოში მედიაციის გასაგრძელებლად ბრუნდება.