ბატონ დანიელსონთან დიდი პატივისცემით, მაგრამ ბოლო ერთ კვირაში პოლიტიკური სპექტრი არ შეცვლილა, იგივე ჭკუაზეა და ვფიქრობ, რამე ახალი მეთოდია ჩასართავი, – განაცხადა „გირჩის“ წარმომადგენელმა, იაგო ხვიჩიამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრიასტიან დანიელსონის შესახებ, რომელიც კვირის ბოლოს საქართველოში უნდა დაბრუნდეს.
„დანიელსონის ჩამოსვლა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი. გამოდის, რომ დასავლეთმა ჯერ კიდევ არ თქვა უარი ჩვენზე და ხელი არ აქვს ჩაქნეული ბოლომდე. პერსპექტივას რაც შეეხება, დიდი პატივისცემით ბატონ დანიელსონთან, მაგრამ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ქართული პოლიტიკური სპექტრი არ შეცვლილა. ეს ხალხი იგივე ჭკუაზეა, რა ჭკუაზეც იყო. ამიტომ, მე მგონი, ახალი მეთოდია ჩასართავი რაიმე. ჩემი აზრით, ეს მეთოდი უნდა იყოს ვერდიქტი. რა წარმოიდგინეს ამ ადამიანებმა, როგორც ამ ქვეყნის გამოსავალი, რომლებმაც უნდა დადონ გზა, დავინახავთ, ვინ მიჰყვება ამ გზას და ვინ არა მიჰყვება ქართული პოლიტიკური სპექტრიდან. ასე წარმოვიდგინეთ რჩევა, რომელსაც დანიელსონს მივცემდით“, – განაცხადა ხვიჩიამ.
ამასთან, უნდა ჩამოვიდეს თუ არა დანიელსონი კონკრეტული წინადადებით, ხვიჩიამ აღნიშნა: „მე მგონია, რომ ეს იქნება ერთადერთი სწორი გზა და გასაღები. უბრალოდ, მე ვერ ვიქნები დარწმუნებული, რომ ასე მოხდება, რადგანაც ჩვენ წინა ვიზიტის დროსაც ბატონი დანიელსონისგან მსგავს რამეს ველოდით, თუმცა ეს ასე არ მოხდა“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.