სასჯელაღსრულების დაწესებულის ექთანს „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ კორონავირუსი გამოუვლინდა. ექთანი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული.
როგორც „იმედინიუსს“ კლინიკაში განუცხადეს, პაციენტის მდგომარეობა მსუბუქია და მას დაავადებისთვის დამახასიათებელი საერთო სისუსტე აღენიშნება.
„კლინიკაში შემოყვანის დროს პაციენტს ჰქონდა მსუბუქი ტემპერატურა. თუმცა ახლა აღარ აქვს. აღენიშნებოდა საერთო სისუსტე. თუმცა კლინიკური ანალიზები დამაკმაყოფილებელია და ნორმაშია. ცვლილებები არ აქვს“, - აღნიშნეს ინფექციურ საავადმყოფოში. თუმცა არ დააკონკრეტეს, არის თუ არა ეს პაციენტი კოვდზე აცრილი.
პენიტენციურ სამსახურში კი „იმედინიუსს“ განუცხადეს, რომ ამ პაციენტთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას უახლოეს ხანში გაავრცელებენ.
არსებული ინფორმაციით, ექთანს ვაქცინაციამდე, კორონავირუსზე ტესტი გაუკეთდა, თუმცა პასუხი უარყოფითი იყო.