თენგიზ ფხალაძე:  კიდევ ერთი შანსი გვეძლევა, რომ ევროკავშირის გამოწვდილ ხელს ღირსეულად ვუპასუხოთ

თენგიზ ფხალაძე:  კიდევ ერთი შანსი გვეძლევა, რომ ევროკავშირის გამოწვდილ ხელს ღირსეულად ვუპასუხოთ

საგარეო ურთიერთობების საკითხებში ექსპერტის, თენგიზ ფხალაძის განცხადებით, საქართველოში მოლაპარაკებებზე შეთანხმების მიღწევა ევროკავშირისა და პრეზიდენტ მიშელისთვის პრინციპული საკითხია.

ფხალაძე დარწმუნებულია, რომ კრისტიან დანიელსონს მორიგი ვიზიტისას ექნება არა მხოლოდ შესაბამისი მითითებები, არამედ კონკრეტული მოსაზრებები. კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა, რომ პოლიტიკური მხარეების მიმართ მედიატორთა ტონი ამჯერად უფრო მკაცრი იქნება, ფხალაძე „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას ამბობს, რომ „ყველაფერი შესაძლებელია“.

„ეს საკითხი თავიდანვე პრინციპის საკითხი იყო. ევროკავშირისთვის და პრეზიდენტ მიშელისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია საქართველო. მისი აკვიატებული აზრი კი არაა, პრინციპულად მნიშვნელოვანია საქართველო და მაქსიმალურად ცდილობენ, დაგვეხმარონ ამ კრიზისიდან გამოსავლის მოძებნაში. დარწმუნებული ვარ, დანიელსონს ექნება არა მხოლოდ შესაბამისი მითითებები, არამედ კონკრეტული მოსაზრებები. კიდევ ერთი შანსი გვეძლევა, რომ ევროკავშირის გამოწვდილ ხელს ღირსეულად ვუპასუხოთ და გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ქვეყანა გამოვიყვანოთ კრიზისიდან. საუბარია საქართველოს ინტერესებზე და არა რომელიმე მხარის. საქართველოს და ევროკავშირის გრძელვადიანი ინტერესები ემთხვევა ერთმანეთს და ეს ნამდვილად პრინციპულია ევროკავშირისთვის“, - განაცხადა ფხალაძემ.

რაც შეეხება ამერიკის შეერთებული შტატების სენატში საქართველოს შესახებ დღეს დაგეგმილ განხილვას, ფხალაძე ამბობს, რომ მკაცრი შეფასებებია მოსალოდნელი.

„საქართველოში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ძალიან მკაცრ შეფასებებს ველოდები. განხილვა და მსჯელობა იქნება სწორედ იმაზე, რა უნდა გაკეთეს იმისთვის, რომ საქართველო კრიზისიდან გამოვიდეს“, - განაცხადა ფხალაძემ.

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ინფორმაციით, მისი პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში კვირის ბოლოს მეორედ ჩამოვა. როგორც მიშელი აცხადებს, დროა გაკეთდეს აუცილებელი კომპრომისები. ამასთან, შეგახსენებთ, რომ შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი პირველად საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა. მან ცალკ-ცალკე გამართა შეხვედრები ოპოზიციისა და მმართველი გუნდის ლიდერებთან. ასევე, მისი მედიაციით გაერთიანებულ ფორმატში შეხვედრა ხელისუფლებასა და ოპოზიციის ლიდერებს შორისაც შედგა, თუმცა პროცესი კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა. კრისტიან დანიელსონმა საქართველო 19 მარტს დატოვა.