მიხეილ სარჯველაძე: არ მჯერა, რომ გიორგი გახარიას უკან ბიძინა ივანიშვილი იდგეს

მიხეილ სარჯველაძე: არ მჯერა, რომ გიორგი გახარიას უკან ბიძინა ივანიშვილი იდგეს

გიორგი გახარია იქნება თუ არა კონკურენტი „ქართული ოცნებისთვის“, ამის წინასწარ პროგნოზირებას ვერ გავაკეთებ. ეს დამოკიდებულია იმ კონკრეტულ ნაბიჯებზე, რასაც ის გადადგამს, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რომ გიორგი გახარიას უკან ბიძინა ივანიშვილი იდგეს, დეპუტატის თქმით, ამის არ სჯერა.

„ამის არ მჯერა, არ ვიცი, საიდან გაჩნდა ეს იდეა. გიორგი გახარია იქნება თუ არა კონკურენტი „ქართული ოცნებისთვის“, ამის წინასწარ პროგნოზირებას ვერ გავაკეთებ. ეს დამოკიდებულია იმ კონკრეტულ ნაბიჯებზე, რასაც ის გადადგამს. რაც შეეხება იმას, თუ როგორ ესახება მას საქართველოს მომავალი, გიორგი გახარია ქვეყნის პრემიერ-მინისტრი იყო და ალბათ, სწორედ იმ მიმართულებით მიჰყავდა ქვეყანა, რაც მიაჩნია, რომ სწორი იყო. გიორგი გახარიას კონკრეტული ნაბიჯებიდან გამოჩნდება, თუ რა არის მისი კონკრეტული გეგმა და ხედვა. მის მიერ გაცხადებული ხედვა, რომ აუცილებელია პოლარიზაციის დასრულება და ნაბიჯები გადასადგმელია ევროინტეგრაციის მიმართულებით, სწორი ღირებულებებია, მაგრამ შემდეგ ვინ როგორ ვემსახურებით ამ საქმეს, ეს არის სადისკუსიო საკითხი. არ მგონია, რომ გიორგი გახარია, როცა პრემიერ-მინისტრი აღარ არის, იმისგან გასხვავებული ხედვები ჩამოუყალიბდა, რაც მანამდე მისი მეთაურობით ხორციელდებოდა“, – განაცხადა სარჯველაძემ.

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს

„მიუხედავად იმისა, რომ უამრავი სხვადასხვა ჭორი დადიოდა, არსად წასვლას არ ვაპირებ. მეტიც – არც პოლიტიკიდან წავალ. რეალურად, გეგმებს მივყვებით, ჩვენს დღის წესრიგს, რაც მოგვცემს შესაძლებლობას და საშუალებას, უახლოეს პერიოდში ყველაფერი დეტალურად გაგიზიაროთ და მოგიყვეთ. ეს არის, დღეს რისი თქმაც მინდოდა. დროებით, მალე შევხვდებით“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ასევე, გიორგი გახარიამ „ტვიტერზე“ დაწერა, რომ მუშაობს პოლიტიკურ დღის წესრიგზე. მისი თქმით, საქართველოს სჭირდება პოლიტიკური პოლარიზაციის აღმოფხვრა და ევროპული მომავლისთვის რეალური დღის წესრიგის შემუშავება.