მიხეილ სარჯველაძე: „ქართული ოცნების“ კონკურენტია ქვეყანაში არსებული გამოწვევები, პოლიტიკური თვალსაზრისით სერიოზულ კონკურენტს ვერ ვხედავ

მიხეილ სარჯველაძე: „ქართული ოცნების“ კონკურენტია ქვეყანაში არსებული გამოწვევები, პოლიტიკური თვალსაზრისით სერიოზულ კონკურენტს ვერ ვხედავ

„ქართული ოცნებისთვის“ კონკურენტია ის გამოწვევები, რომელიც ქვეყანაშია. ამ ეტაპზე, პოლიტიკური თვალსაზრისით სერიოზულ კონკურენტს ვერ ვხედავ, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

„რაც შეეხება გახარიას, მის განცხადებას, პლატფორმასა და ხედვას დაველოდით, თუ რას აპირებს. თვითმმართველობის არჩევნები ერთ-ერთი ინდიკატორი იქნება, სადაც საზოგადოება განსაზღვრავს, რომელ პოლიტიკურ პარტიას რა პროცენტულობა მიანიჭოს. ხელისუფლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციაში პოლიტიკური პარტიები გამოჩნდნენ, რომლებიც შეავსებენ იმ სიცარიელეს, რომელიც რადიკალურმა ფრთამ დატოვა. ამას სჭირდება ჯანსაღი პოლიტიკური ძალების გამოჩენა და პრაგმატული მიდგომები საკითხების მიმართ“, – განაცხადა სარჯველაძემ.

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს

„მიუხედავად იმისა, რომ უამრავი სხვადასხვა ჭორი დადიოდა, არსად წასვლას არ ვაპირებ. მეტიც – არც პოლიტიკიდან წავალ. რეალურად, გეგმებს მივყვებით, ჩვენს დღის წესრიგს, რაც მოგვცემს შესაძლებლობას და საშუალებას, უახლოეს პერიოდში ყველაფერი დეტალურად გაგიზიაროთ და მოგიყვეთ. ეს არის, დღეს რისი თქმაც მინდოდა. დროებით, მალე შევხვდებით“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ასევე, გიორგი გახარიამ „ტვიტერზე“ დაწერა, რომ მუშაობს პოლიტიკურ დღის წესრიგზე. მისი თქმით, საქართველოს სჭირდება პოლიტიკური პოლარიზაციის აღმოფხვრა და ევროპული მომავლისთვის რეალური დღის წესრიგის შემუშავება.