ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის მონაცემებით, კითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ახლოს, გამოკითხულთა 23 პროცენტი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს.
გამოკითხულთა 7 პროცენტი ამბობს, რომ მის შეხედულებებთან ახლოს არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. 40% კი მიიჩნევს, რომ მასთან ახლოს არცერთი პარტია არ არის, 14%-მა კითხვაზე პასუხის გაცემა არ ისურვა, 8%-მა კითხვაზე პასუხი არ იცის, 7% კი სხვა პარტიებს ასახელებს.
თბილისში გამოკითხულთა 20% მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მყოფ პარტიად „ქართულ ოცნებას“ ასახელებს, ხოლო „ნაციონალურ მოძრაობას“ - 5 პროცენტი, სხვა პარტიებს კი - 9 პროცენტი.
აღნიშნული კვლევა 17-24 თებერვლის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,024 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.4 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.