ჩვენ უნდა გავარკვიოთ ამ შესაძლო შეთანხმების ჩაშლის მხარე ვინ არის და მათ შორის მტყუან-მართალი გავარკვიოთ, - ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ „ქრონიკაში“ განაცხადა.
„თუ აღმოჩნდა, რომ ამ საკითხში, არჩევნების გაყალბება-არგაყალბების შემდეგ, მოლაპარაკებების ნაწილში მტყუანი არის ხელისუფლება ან ოპოზიცია, ეს უნდა გავიგოთ, რათა მტყუანის მხარეს არ აღმოვჩნდეთ. თუ დავინახავთ, რომ ამ პროცესში „ქართული ოცნება“ უფრო მართალია, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობა“, უნდა შეგვეძლოს ამის აღქმა, დასაბუთება ადამიანებისთვის. ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას.
თუ ვიცი, რომ „ქართული ოცნება“ მართალია ოპოზიციასთან არჩევნების გაყალბება-არგაყალბებისა და შემდგომ პროცესებში, მაშინ არგუმენტი არ რჩება, რატომ არ შედიხარ პარლამენტში. „ქართული ოცნება“ თუ მართალი აღმოჩნდა ამ დავაში, რა არგუმენტი რჩება, რომ პარლამენტში არ შეხვიდე, უბრალოდ ჯერ შორია აქამდე. ეს საკითხი გასარკვევია, მოსახლეობამ ჯერ კიდევ არ იცის, ვის გამო ჩაიშალა მოლაპარაკება. ეს უნდა გავარკვიოთ და ვისი გამოც ჩაიშალა მოლაპარაკება, იმის მხარეს უბრალოდ ვერ ვიქნებით“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
18 მარტს „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის უცხოელი პარტნიორების მედიატორობით გამართული ხანგრძლივი მოლაპარაკებები კონკრეტული შეთანხმების გარეშე დასრულდა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კრიზისის გადაწყვეტა დამოკიდებულია საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებზე. კრისტიან დანიელსონმა, რომელმაც ბრიუსელში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო, იმედი გამოთქვა, რომ პარტიები სერიოზულად დაფიქრდებიან ვითარებაზე, გასავლელ გზაზე და ექნებათ საჭირო ნება და სურვილი, წავიდნენ კომპრომისზე.