„ქუჩაში მყოფი ოპოზიციის გარკვეულ ნაწილს ყველაფრის ფასად სურს ხელისუფლებაში დაბრუნება“, - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ განაცხადა.
თეა წულუკიანის თქმით, როდესაც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ამბობს, რომ დემოკრატია ჩვენ ვიცით პარლამენტში, ყველა კითხვას სცემს ეს განცხადება პასუხს.
„მე ვიფქობ, რომ ამ პროცესით, მოგვწონს ეს თუ არ მოგვწონს, გვინდა ეს ვაღიაროთ, თუ არ გვინდა, რომ ვაღიაროთ - ქვეყანა ზიანდება, რადგან მოლაპარაკებებში, რომელიც შედეგით ვერ მთავრდება და რომელიც მეორე მხარეს აწყდება ყრუ კედელს, რადგან ყველაფრის ფასად უნდა ხელისუფლებაში დაბრუნება, ვგულისხმობ, ქუჩაში მყოფი ოპოზიციის გარკვეულ ნაწილს. ეს ხელს უშლის ქვეყანას იმაში, რომ ელემენტარულად დამშვიდდეს. ამ ძალებს მუდმივად აქვთ დესტაბილიზაციის მცდელობა. ამას მოგერიება სჭირდება“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.
მისი თქმით, ზედაპირზე ძალიან ბევრი თემაა და ოპოზიციონერი რომ იყოს ბევრ საინტერესო რამეს გააკეთებდა, ამიტომ, თუ ოპოზიცია პარლამენტში შევა, ნახავენ, რომ იქ ძალიან საინტერესო რაღაცები ხდება.
„ერთადერთი, რასაც ვისურვებდი, ის ოპოზიციური ძალები, რომელთათვისაც სულ ერთი არ არის ქვეყანა, შევიდნენ პარლამენტში და გაუწიონ „ქართულ ოცნებას“ ოპონირება“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.