როგორც მე განვიცდი ამ შემთხვევას, არ მგონია, ვინმე სხვა განიცდიდეს. ექიმები სხვანაირად განვიცდით ამას, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ ახალციხეში ვაქცინაციის შემდეგ ექთნის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანაში ვაქცინაცია სავალდებულო არ გახდება და ყოველთვის ნებაყოფლობითად დარჩება.
„ვაქცინაცია უნდა იყოს დღეს ზესახელმწიფოებრივი საკითხი იმიტომ, რომ ვაქცინაციაზე გადის მსოფლიოში პანდემიის და ქვეყანაში ეპიდემიის დამარცხება. ვაქცინაციის გარეშე ვერ დავუბრუნდებით ნორმალური ცხოვრების რიტმს, დიდხანს დაგვჭირდება პირბადის ტარება და სხვა შეზღუდვები“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
19 მარტს 27 წლის ექთნის გარდაცვალების ფაქტზე შსს-მ გამოძიება 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
27 წლის ექთანს მძიმე გვერდითი რეაქცია განუვითარდა და 19 მარტს გარდაიცვალა. ის 18 მარტს თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს. ახალციხის კლინიკაში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრა გაიმართა, სადაც ჯანდაცვის ექსპერტები, დარგის სპეციალისტები და გვერდითი მოვლენების მართვის კომიტეტის წარმომადგენლები ვაქცინაციის დროებით შეჩერებასთან დაკავშირებით მსჯელობდნენ. მოგვიანებით, ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია გაგრძელდება.
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო.