ვაქცინაციაში 65 წელს გადაცილებული ადამიანები ჩაერთვებიან, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ვაქცინაციაში ასაკობრივი ჯგუფები დამატებიან, კერძოდ კი, 65 წელს ზევით ჩვენი მოქალაქეებისთვის შესაძლებელი იქნება ვაქცინაციაზე ხელმისაწვდომობა. ყველამ ვიცით, რომ ესენია მოწყვლადი ჯგუფები, რომლებისთვისაც კოვიდინფექცია ყველაზე საშიშია, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ პროცესი დაგვეჩქარებინა. ჩვენი მოქალაქეებისთვის პორტალი ხელმისაწვდომი იქნება 25 რიცხვიდან. წინა პერიოდში კი მათ შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ ყველა ის საჭირო ინფორმაცია, რომლითაც მოახერხებენ პორტალზე დარეგისტრირებას. სამედიცინო პერსონალის კომპონენტში ვაქცინაციის პროცესი გაგრძელდება, უბრალოდ 25 რიცხვის შემდეგ ჩვენი ექიმები ვერ გამოიყენებენ იმ განსაკუთრებული რიგის მართვის კომპონენტს, რომელზე ხელმისავწომობაც მათ ამ პერიოდში ჰქონდათ შესაძლებელი იქნება ვაქცინაციაზე ხელმისაწვდომობა. ესენია მოწყვლადი ჯგუფები, რომლებისთვისაც კოვიდინფექცია ყველაზე საშიშია, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პროცესი დაგვეჩქარებინა“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.
სამინისტროში იმუნიზაციის ექსპერტთა საბჭოს სხდომა ცოტა ხნის წინ დასრულდა. მთავარი განსახილველი საკითხი იმ პრიორიტეტული ჯგუფების შერჩევა იყო, რომლებიც ვაქცინაციის პროცესში უნდა ჩაერთონ. ვაქცინაციის პროცესში დამატებითი ჯგუფების ჩართვა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ქვეყანაში სამედიცინო სფეროს აცრის მსურველი წევრების დაბალი აქტივობა დაფიქსირდა.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ამ დროისთვის, „ასტრაზენეკას“ წარმოებული ვაქცინით, სამედიცინო სფეროში დასაქმებული 3 843 ადამიანი აიცრა.
საქართველოში ვაქცინაცია პრიორიტეტული ჯგუფების მიხედვით მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული ადამიანები იცრებიან. ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია შესაძლებელია სპეციალურ პორტალზე.
ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო. ევროპის წამლის სააგენტოს ინფორმაციით, AstraZeneca-ს ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტური არჩევანია.