ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, იმუნიზაციას, სავარაუდოდ, „ასტრაზენეკას“ ვაქცინით ჩაიტარებს.
„აუცილებლად შეგატყობინებთ, როდის ავიცრები. მე შევპირდი მოსახლეობას, რომ გავიკეთებ ვაქცინას და მედია ამის შესახებ აუცილებლად გაიგებს. სავარაუდოდ, „ასტრაზენეკათი“ ავიცრები, რათა ერთხელ და სამუდამოდ მოიხსნას კითხვები ამ ვაქცინასთან დაკავშირებით და საზოგადოებაც განეწყოს დადებითად ვაქცინაციასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე.
მინისტრის განცხადებით, მალე გახდება ცნობილი, თუ როდის შემოვა საქართველოში „ფაიზერის“ 29 500 დოზა.
საქართველოში ვაქცინაცია პრიორიტეტული ჯგუფების მიხედვით დაიწყო. ამ ეტაპზე, ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული ადამიანები იცრებიან. ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია შესაძლებელია სპეციალურ პორტალზე. 25 მარტიდან კი, ვაქცინაციაში 65 წელს გადაცილებული ადამიანები ჩაერთვებიან.
ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო. ევროპის წამლის სააგენტოს ინფორმაციით, AstraZeneca-ს ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტური არჩევანია.