ირაკლი ზარქუა: ჩემთვის საინტერესო იქნება, თუ გიორგი გახარია შექმნის პარტიას - ძალიან გამოცდილი პრემიერი იყო, ბევრი გააკეთა ქვეყნისთვის და მისი კრიტიკული ხედვა ალბათ საინტერესო იქნება

ირაკლი ზარქუა: ჩემთვის საინტერესო იქნება, თუ გიორგი გახარია შექმნის პარტიას - ძალიან გამოცდილი პრემიერი იყო, ბევრი გააკეთა ქვეყნისთვის და მისი კრიტიკული ხედვა ალბათ საინტერესო იქნება

ჩვენ გვაქვს ისეთი საპარლამენტო გარემო, სადაც ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება შექმნას პარტია, თუ ამას საჭიროდ ჩათვლის და პოლიტიკური საქმიანობა განაგრძნოს, - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებას იმის შესახებ, რომ ის პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს.

როგორც ირაკლი ზარქუამ განაცხადა, მისასალმებელია, თუ გიორგი გახარია პარტიას შექმნის.

„მე მივესალმები, რაც მეტი პარტია იქნება საქართველოში, ვინც მაქსიმალურად დაიცავს ქართულ ინტერესებს და მათ შორის მმართველ პარტიას არ გვექნება მხოლოდ გაკოტრებულ „ნაციონალურ მოძრაობასთან” ჭიდილი. ჩემთვის საინტერესო იქნება, თუ შექმნის იმიტომ, რომ ძალიან გამოცდილი პრემიერი იყო, ბევრი გააკეთა ჩვენი ქვეყნისთვის და მისი კრიტიკული ხედვა ალბათ საინტერესო იქნება საზოგადოებისთვის და პირადად ჩემთვისაც“, - განაცხადა ზარქუამ.

ცნობისთვის, ყოფილმა-პრემიერ მინისტრმა, გიორგიმ გახარიამ დღეს განაცხადა, რომ ის პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს.

„არსად წასვლას არ ვაპირებ, უფრო მეტიც, არც პოლიტიკიდან არ წავალ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.