მე პირადად უფრო ევროპელი და ამერიკელი შუამავლების იმედად ვიყავი, ვიდრე იმის იმედად, რომ ჩვენ რამეს მოვახერხებდით. როგორც აღმოჩნდა, ჩემი იმედი გადაჭარბებული იყო, - ამის შესახებ ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა. „იმედის კვირასთან“ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თავისი პარტიის სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.
„თავად საუბარი აშკარად არ განგაწყობდა იმისადმი, რომ დიალოგი შეთანხმებით დაგვესრულებინა. იდეალური სიტუაცია რომ ყოფილიყო ამ მოლაპარაკების დროს, რა წარმოედგინა „ქართულ ოცნებას“, რაზე იქნებოდა თანახმა. ამის გარკვევა მინდა ჯერ. მერე ვნახოთ, როგორ გაგრძელდება ურთიერთობა, თუ საერთოდ გაგრძელდება“, - განაცხადა მეგრელიშვილმა.
18 მარტს „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის უცხოელი პარტნიორების მედიატორობით გამართული ხანგრძლივი მოლაპარაკებები კონკრეტული შეთანხმების გარეშე დასრულდა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კრიზისის გადაწყვეტა დამოკიდებულია საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებზე. კრისტიან დანიელსონმა, რომელმაც ბრიუსელში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო, იმედი გამოთქვა, რომ პარტიები სერიოზულად დაფიქრდებიან ვითარებაზე, გასავლელ გზაზე და ექნებათ საჭირო ნება და სურვილი, წავიდნენ კომპრომისზე.